„ბასლაინებზე“ მოტოციკლეტები და მოპედები იმოძრავებენ?

თბილისის მერია სატრანსპორტო რეფორმას 2017 წლიდან ახორციელებს
Sputnik
თბილისი, 29 ივნისი — Sputnik. თბილისის მერია პარლამენტს წარუდგენს საკანონმდებლო პაკეტს, რომლის მიხედვითაც მოპედებსა და მოტოციკლებს საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის გამოყოფილ ზოლში გადაადგილების უფლება ექნებათ, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ.
თბილისის მერია 2017 წლიდან ახორციელებს სატრანსპორტო რეფორმას, რომლის მთავარი მიზანია – საზოგადოებრივი ტრანსპორტი გახდეს უფრო კომფორტული, შეუფერხებელი და ხელმისაწვდომი, ასევე ქალაქი განიტვირთოს „საცობებისგან“. რეფორმის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის გამოყოფილი ზოლები - ე.წ. ბასლაინები.
„ჩვენ უკვე მოვამზადეთ შესაბამისი საკანონმდებლო პაკეტი, რომელიც ითვალისწინებს საავტობუსო ზოლებში მოტოციკლებისა და მოპედების მოძრაობას, (გარდა სამთვლიანი მოპედისა) მხოლოდ თბილისის საკრებულოს მიერ განსაზღვრულ შემთხვევებში და შესაბამისი პირობებით", - განაცხადა კალაძემ.
მისი თქმით, ასეთი პრაქტიკა მოქმედებს დიდ ბრიტანეთში, ესპანეთსა და სხვა ქვეყნებში.
„შევისწავლეთ რამდენიმე ქვეყნის საუკეთესო პრაქტიკა და ვნახეთ, რომ მოტოციკლებს და მოპედებს, შესაბამისი რეგულაციების გათვალისწინებით, აქვთ უფლება იმოძრაონ საავტობუსო ზოლებში“, - განაცხადა კალაძემ.
როგორც კალაძემ განმარტა, მოტოციკლებისა და მოპედების საავტობუსო ზოლებში მოძრაობის დაშვების ერთ- ერთი მთავარი მიზანი საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების გაუმჯობესებაა.
„ამას ხელს უწყობს ის გარემოება, რომ საავტობუსო ზოლში მოტოციკლებისა და მოპედების მოძრაობით საგზაო მოძრაობის სხვა მონაწილეებისთვის უფრო მარტივდება მათი დანახვა, რაც მკვეთრად ამცირებს საგზაო შემთხვევებს“, - აღნიშნა კალაძემ.
ამ დროისთვის საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის გამოყოფილ ხაზებზე გადაადგილებისთვის ჯარიმა 100 ლარს შეადგენს.