ევრო 2024: საქართველო-ესპანეთის მატჩზე დასასწრებად 4 ჩარტერული რეისი განხორციელდება

საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ გერმანიაში საქართველოს ნაკრების მატჩებზე დასასწრებად ქომაგებისთვის ჯამში 40-მდე ჩარტერული რეისი დააორგანიზა.
Sputnik
თბილისი, 28 ივნისი – Sputnik. ევროპის ჩემპიონატზე საქართველო-ესპანეთის მერვედფინალურ მატჩზე დასასწრებად ქართველი ქომაგებისთვის სუბსიდირებული 4 ჩარტერული რეისი განხორციელდება, ნათქვამია საქართველოს აეროპორტების გაერთიანების განცხადებაში.
26 ივნისს, ევროპის ჩემპიონატის დებიუტანტმა საქართველოს ნაკრებმა ტურნირის ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩში პორტუგალია ანგარიშით 2:0 დაამარცხა და მერვედფინალში გავიდა. საქართველოს მეტოქე პლეი-ოფში ესპანეთის ნაკრებია. მატჩი კიოლნში კვირას, 30 ივნისს, თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.
„ევრო 2024-ზე,საქართველოს ნაკრების საგულშემატკივროდ, მერვედფინალურ მატჩზე გასამგზავრებელი ბილეთების გაყიდვა დაიწყო. ეროვნული ნაკრების ქომაგებს ბილეთების შეძენა tkt.ge-ს პლატფორმაზე უკვე 13:00 საათიდან შეუძლიათ. 1 გზის ღირებულება, წინა სუბსიდირებული რეისების მსგავსად, 195 ევრო ღირს. ბილეთების გაყიდვის მონიტორინგს ასევე, მგზავრების რეგისტრაციის პროცესს სრულად აეროპორტების გაერთიანება უზრუნველყოფს“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.
უწყების ცნობით, ფრენებს ქართული ავიაკომპანიები: „ჯორჯიან ვინგსი“ და „ჯორჯიან ეარვეისი“ შეასრულებენ.
როგორც აეროპორტების გაერთიანების გენდირექტორმა ირაკლი ქარქაშაძემ განაცხადა, ავიაკომპანიებთან და პარტნიორ აეროპორტთან მოლაპარაკებების შედეგად, ჯამში კიოლნის მიმართულებით თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან და პირიქით, 29 ივნისიდან 2 ივლისის პერიოდში 4 სუბსიდირებული ჩარტერული ფრენა შესრულდება.
საქართველო-ესპანეთის მერვედფინალურ მატჩზე დასასწრებად მორგებული სუბსიდირებული ჩარტერული ფრენები შემდეგი განრიგით შესრულდება:
29 ივნისი
თბილისი-კიოლნი: გაფრენა 12:00;
29 ივნისი
თბილისი-კიოლნი: გაფრენა 19:00 საათზე;
30 ივნისი
თბილისი-კიოლნი: გაფრენა 04:30 საათზე;
2 ივლისი
კიოლნი-თბილისი: გამოფრენა 15:00 საათზე.
უწყების ცნობით, მგზავრები რეგისტრაციის გასავლელად შესაბამის აეროპორტებში 3 საათით ადრე უნდა გამოცხადდნენ. საქართველოს მოქალაქეებმა თბილისიდან კიოლნში გამგზავრებისას სამგზავრო დოკუმენტებთან ერთად, თან უნდა იქონიონ საქართველოს ნაკრების ფეხბურთის მატჩზე დასასწრები ბილეთები.
საქართველოს ნაკრები ევროპის საკვალიფიკაციო ერთა ლიგის პლეი-ოფის ფინალში საბერძნეთის ნაკრებთან პენალტების სერიაში გამარჯვების წყალობით (4:2) ისტორიაში პირველად თამაშობს ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატზე. საქართველოს ნაკრები F ჯგუფში თურქეთის, პორტუგალიისა და ჩეხეთის ნაკრებებთან ერთად მოხვდა.
საქართველომ F ჯგუფში ოთხი ქულით მესამე ადგილი დაიკავა. ამ შედეგმა გუნდს შესაძლებლობა მისცა გასულიყო ჩემპიონატის შემდეგ ეტაპზე პორტუგალიასთან (ექვსი ქულა) და თურქეთთან (ექვსი ქულა) ერთად.
ისტორიაში პირველად საქართველომ ევროპის ჩემპიონატზე მოხვდა, რომელიც წელს გერმანიაში 14 ივნისიდან 14 ივლისის ჩათვლით იმართება.