საპენსიო სააგენტო საპენსიო ფონდად გარდაიქმნება

მმართველობითი საბჭო დაგროვებითი საპენსიო სქემის ერთიან მართვას განახორციელებს და შეასრულებს როგორც საინვესტიციო, ისე ადმინისტრაციულ-საოპერაციო და სხვა ფუნქციებს.
Sputnik
თბილისი, 28 ივნისი — Sputnik. 2025 წლის მაისისთვის საქართველოს საპენსიო სააგენტო სახელწოდებას შეიცვლის - „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ კანონში შესაბამისი ცვლილებები საქართველოს პარლამენტმა მესამე მოსმენით მიიღო.
საპენსიო სააგენტოს სახელწოდება იქნება „საქართველოს საპენსიო ფონდი“ და მას საინვესტიციო და სამეთვალყურეო საბჭოების ნაცვლად ერთი ორგანო - მმართველობითი საბჭო მართავს.
მმართველობითი საბჭო დაგროვებითი საპენსიო სქემის ერთიან მართვას განახორციელებს და შეასრულებს როგორც საინვესტიციო, ისე ადმინისტრაციულ-საოპერაციო და სხვა ფუნქციებს.
მმართველობითი საბჭო დაკომპლექტდება არანაკლებ 9 და არაუმეტეს 15 პირისგან, რომელთა უმეტესობაც იქნება პროფესიონალი, საბჭოს წევრთა რაოდენობიდა გამომდინარე თანამდებობის პირთა რაოდენობა იქნება ერთი ან ორი.
პროფესიონალ წევრებს კონკურსის საფუძველზე პრემიერ-მინისტრი ხუთი წლის ვადით დანიშნავს. სავალდებულო მოთხოვნაა - განათლება და მინიმუმ ათწლიანი სამუშაო გამოცდილება ფინანსების, ინვესტიციების, ეკონომიკისა და რისკების მართვის სექტორებში. მმართველ საბჭოში თანამდებობის პირებს კონკურსის წესით საქართველოს პარლამენტი დანიშნავს.
მმართველობითი საბჭო 2025 წლის 1-ელ მარტამდე დაკომპლექტდება.
მმართველობითი საბჭო აირჩევს თავმჯდომარეს და მოადგილეებს და 2025 წლის 1-ელ მაისამდე დაამტკიცებს საპენსიო ფონდის წესდებას და სტრუქტურას.