საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მთავრობის მუშაობის მთავარი მიზნები დაასახელა

ძლიერი სახელმწიფოს მთავარი მაჩვენებელი ძლიერი ეკონომიკაა, განაცხადა პრემიერმა
Sputnik
თბილისი, 28 ივნისი – Sputnik. სიღარიბესთან ბრძოლა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა საქართველოს მთავრობის მუშაობის მთავარი პრიორიტეტებია, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გაწეულ სამუშაოზე ანგარიშის წარდგენისას.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის ანგარიში სამთავრობო პროგრამის განხორციელების შესახებ 2023 წლის ივნისიდან 2024 წლის მაისამდე პერიოდს მოიცავდა და თავის გამოსვლაში კობახიძემ ძირითადად ბოლო ოთხი თვის მუშაობაზე გაამახვილა ყურადღება. მან საქართველოს პრემიერ-მინისტრის პოსტი მიმდინარე წლის 8 თებერვალს დაიკავა.
„ჩვენი ქვეყნის ორ უმთავრეს ეროვნულ ამოცანად კვლავაც რჩება მშვიდობიანი გზით საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა და საქართველოში სიღარიბის სრულად აღმოფხვრა. აქედან გამომდინარე, საქართველოს მთავრობის თითოეული ნაბიჯი მომავალშიც ამ ამოცანების შესრულებისკენ იქნება მიმართული”, -განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მისი თქმით, ძლიერი სახელმწიფოს მთავარი მაჩვენებელი ძლიერი ეკონომიკაა.
„ძლიერი ეკონომიკა ნიშნავს ძლიერ სახელმწიფოს. აქედან გამომდინარე, ეკონომიკური განვითარება საქართველოს მთავრობის უმთავრესი პრიორიტეტია”, -აღნიშნა მან.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის ანგარიში მთავრობის პროგრამის შესრულების შესახებ 171 გვერდისგან შედგება და ისეთ თემებს მოიცავს, როგორიცაა საგარეო პოლიტიკა, უსაფრთხოება, კონფლიქტების მოგვარება, ადამიანის უფლებები, ეკონომიკური განვითარება, სოციალური პოლიტიკა, ადამიანური კაპიტალის განვითარება და სახელმწიფო მმართველობა.
სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა ანგარიშიდან ძირითადი პუნქტები წარმოადგინა.