თბილისი, 26 ივნისი — Sputnik. პორტუგალიის ნაკრებისა და საქართველოს თამაში იოლი არ იქნება, - განაცხადა პორტუგალიელმა თავდამსხმელმა, 24 წლის ჟოაო ფელიქსმა პრესკონფერენციაზე და აღნიშნა, რომ გუნდმა მეტოქე შეისწავლა.
ევრო 2024-ის მესამე ტურში საქართველოს ნაკრები 26 ივნისს გელზენკირხენში, პორტუგალიის ეროვნულ ნაკრებს დაუპირისპირდება. მატჩი თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება. აღნიშნული მატჩის პარალელურად ჩეხეთის ნაკრები თურქეთს დაუპირისპირდება. ორი ტურის შემდეგ საქართველოსა და ჩეხეთის ნაკრებებს ერთ-ერთი ქულა აქვთ, თურქეთს სამი, პორტუგალიას კი ექვსი. პლეი-ოფში გასვლისთვის საქართველოს ნაკრებს მატჩის მოგება სჭირდება.
„შევისწავლეთ საქართველოს ნაკრები. ჩვენ ვიცით მისი ძლიერი მხარეები, ვიცით რა გამოსდის კარგად და რა არა. ეს ძალიან მებრძოლი გუნდია და ისინი ბოლო წუთამდე ითამაშებენ. ეს არ იქნება მარტივი თამაში“, - განაცხადა ფელიქსმა.
პორტუგალიის მთავარი მწვრთნელის რობერტო მარტინესის თქმით, პორტუგალიის ნაკრების ლიდერი და მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი კრიშტიანუ რონალდუ თამაშის სასტარტო შემადგენლობაში იქნება. ამასთან, შანსს მისცემს იმ ფეხბურთელებს, რომლებმაც ვარჯიშის პერიოდში დაამტკიცეს, რომ ოპტიმალურ ფორმაში არიან.
როგორც მარტინესმა აღნიშნა, საქართველოს ნაკრებმა თურქეთთან და ჩეხეთთან საინტერესო მატჩები გამართა და მოგების შანსებიც ჰქონდა.
„ამ გუნდმა შეძლო საკვალიფიკაციო ეტაპის გავლა. მათ ძალიან ბევრი გააკვირვეს იმით, რომ ლუქსემბურგი და საბერძნეთი დაამარცხეს. ვფიქრობ, ბოლო ორ მატჩში არ გაუმართლათ, რადგანაც მეტი ქულის აღება შეეძლოთ. მორიგი მოგებისთვის ვემზადებით გუნდთან, რომელსაც გამარჯვება სჭირდება", - განაცხადა მარტინესმა.
საქართველოს ფეხბურთის ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე ჯგუფური ეტაპის პირველი მატჩი 18 ივნისს თურქეთთან გამართა (1:3). მეორე მატჩი კი 22 ივნისს ჰამბურგში ჩეხეთის ნაკრებთან გჩაატარა და ფრე ანგარიშით 1:1 დაასრულა. ორივე შეხვედრაში გოლი გიორგი მიქაუტაძემ გაიტანა - სწორედ მისი წყალობით მოიპოვა საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე პირველი ისტორიული ქულა. ჩეხეთთან შეხვედრის საუკეთესო ფეხბურთელად მეკარე გიორგი მამარდაშვილი დასახელდა, მის ანგარიშზე 11 სეივია.
ევროპის ჩემპიონატი წელს გერმანიის ათ ქალაქში 14 ივნისიდან 14 ივლისის პერიოდში ტარდება - საქართველოს გუნდი F ჯგუფში თურქეთის, პორტუგალიისა და ჩეხეთის ნაკრებებთან ერთად მოხვდა.
ევროპის საკვალიფიკაციო ერთა ლიგის პლეი-ოფის ფინალში საბერძნეთის ნაკრებთან პენალტების სერიაში გამარჯვების წყალობით (4:2) საქართველოს ნაკრებმა ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატის საგზური მოიპოვა - ისტორიული მატჩი 26 მარტს შედგა.