თბილისი, 26 ივნისი — Sputnik. საპარლამენტო არჩევნებამდე საარჩევნო ადმინისტრაცია 6 ივლისიდან ამომრჩეველთა ინფორმირების შემდგომ - კენჭისყრის პროცესის იმიტაციის ეტაპზე გადადის, განაცხადეს საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის პრეს-სამსახურში.
პროექტი მოიცავს როგორც თეორიულ, ისე პრაქტიკულ კომპონენტებს. პროექტის ფარგლებში ამომრჩევლები პირადად გაეცნობიან ვერიფიკაციისა და ხმის მთვლელი აპარატების მუშაობას. შეხვედრები 6-28 ივლისის პერიოდში, ყოველ შაბათ-კვირას 11:00 -18:00 საათამდე პერიოდში ჩატარდება.
პროექტი მთელი ქვეყნის მასშტაბით 64 მუნიციპალიტეტში, თბილისსა და რეგიონებში მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციულ ცენტრებში მდებარე წინასწარ განსაზღვრულ 89 ლოკაციაზე განხორციელდება.
2024 წლის 26 ივნისიდან მსურველებმა ელექტრონული წესით უნდა გაიარონ რეგისტრაცია ბმულზე და აირჩიონ სასურველი თარიღი და დრო. დეტალური ინსტრუქცია განთავსებულია ცესკოს ოფიციალურ ვებ-გვერდზე და სოციალურ ქსელებში, კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით კონტაქტ - ჰაბის ნომერზე 2 51 00 51.
ახალ პროექტში მონაწილეობის უფლება აქვს ნებისმიერ დაინტერესებულ პირს, მათ შორის ვისაც უკვე არაერთხელ მიღებული აქვს მონაწილეობა ცესკოს სხვადასხვა საინფორმაციო ღონისძიებაში.
მომავალ საპარლამენტო არჩევნებზე ახალი ტექნოლოგიების შესახებ 400 ათასი ამომრჩეველი იყო ინფორმირებული, გაიმართა 3 ათასზე მეტი შეხვედრა.
საპარლამენტო არჩევნები 2024
საპარლამენტო არჩევნები საქართველოში 26 ოქტომბერს გაიმართება. ეს იქნება პირველი არჩევნები, რომელიც უბნების 90%-ზე ელექტრონული ტექნოლოგიით ჩატარდება. ამომრჩევლები ხმას მისცემენ ისევ საარჩევნო უბნებზე, მაგრამ ახალი ბიულეტენებით, შედეგები სპეციალური მთვლელი მანქანის მეშვეობით დაითვლება. მანამდე ელექტრონული კენჭისყრის სისტემა ფარავდა უბნების მცირე ნაწილს და საპილოტე რეჟიმში ხორციელდებოდა.
ეს ასევე იქნება პირველი არჩევნები საქართველოში, რომელიც ჩატარდება სრულად პროპორციული სისტემით, რაც ნიშნავს, რომ პარლამენტში 150 მანდატი შეივსება პარტიებისთვის ხმის მიცემის საფუძველზე. ამასთან, პარტია პარლამენტში შესვლას მხოლოდ იმ შემთხვევაში შეძლებს, თუ ხმების მინიმუმ 5%-ს მიიღებს.
საპარლამენტო უმრავლესობის მოსაპოვებლად, რაც მთავრობის ერთპიროვნული დამტკიცების საშუალებას იძლევა, პარტიას მოუწევს ამომრჩეველთა სულ მცირე 50%-ის მხარდაჭერის მოპოვება, რომლებიც მივლენ საარჩევნო უბნებზე როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ.
საპარლამენტო არჩევნები განსაზღვრავს, თუ ვის ექნება უფლება ჩამოაყალიბოს მთავრობა და მართოს ქვეყანა მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში.
წინასწარი ინფორმაციით, წელს არჩევნებზე უპრეცედენტო რაოდენობის დამკვირვებლები ჩამოვა. ეუთოს გარდა, მრავალრიცხოვანი მისიის გამოგზავნა აპირებენ ევროკავშირი და აშშ. 2024 წლის ოქტომბერში მოახლოებული საპარლამენტო არჩევნების დემოკრატიულად და სამართლიანად ჩატარება ევროკავშირის ერთ-ერთი მოთხოვნაა საქართველოს მიმართ.