თბილისი, 25 ივნისი — Sputnik. სტიქიის შედეგად ალავერდის სამონასტრო კომპლექსის ტერიტორიაზე არსებულ ვითარებას საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები სწავლობენ, ნათქვამია სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ახმეტის მუნიციპალიტეტში რამდენიმე საათის წინ ძლიერი ქარიშხალი იყო, რის შედეგადაც ალავერდის ტაძარი დაზიანდა.
ადგილობრივების თქმით, ქარბორბალა ალავერდის ტაძრის მიმდებარედ რამდენიმე წუთს გაგრძელდა - ქარმა მოგლიჯა ხეები, რამდენიმე სახლს სახურავი გადახადა, დააზიანა ელექტროგადამცემი ხაზები. ქარის შედეგად მსუბუქი ავტომობილიც კი ამოტრიალდა.
„სტიქიის შედეგად გადახდილია გუმბათის თუნუქის საფარი, ტაძრის სამხრეთ კალთაზე დაზიანებულია ლორფინის სახურავი, ჩამსხვრეულია ტაძრის დასავლეთი მხარის და გუმბათის სარკმლები, დაზიანებულია სამრეკლოს თუნუქის სახურავი და საეპისკოპოსო სასახლის კრამიტის სახურავი, ჩამოშლილია სასახლის აივანი, ტაძრის გუმბათიდან ჩამოვარდნილია ჯვარი და დაზიანებულია მიმდებარე ტერიტორიის ინფრასტრუქტურა", - ნათქვამია განცხადებაში.
უწყების ცნობით, ამ ეტაპზე მიმდინარეობს დაზიანებათა სიმძიმის განსაზღვრა და უახლოეს დღეებში ადგილობრივ ეპარქიასა და მის მმართველ აბბა ალავერდელ მიტროპოლიტ დავითთან ერთად დაიგეგმება ტაძრის დაზიანებების აღმოსაფხვრელი ღონისძიებები.
ალავერდი XI საუკუნის საკათედრო და სამონასტრო კომპლექსია, რომელიც კახეთის რეგიონში, სოფელ ალავერდში, თელავიდან 20 კმ-ში მდებარეობს.
ალავერდის მონასტერი VI საუკუნის შუა ხანებში დააარსა იოსებ ალავერდელმა. XI საუკუნის დასაწყისში კვირიკე კახთა მეფემ ალავერდის წმ. გიორგის პატარა ეკლესიის ადგილას ააგო საკათედრო ტაძარი, რომელიც უმთავრესად ალავერდის სახელწოდებითაა ცნობილი.