მდინარაძე: საქართველო ევროკავშირის ბევრ ქვეყანაზე უფრო თავისუფალია

„ატლანტიკურმა საბჭომ“ საქართველო თავისუფლებისა და კეთილდღეობის გლობალურ რეიტინგებში 50 საუკეთესო სახელმწიფოს შორის დაასახელა
Sputnik
თბილისი, 25 ივნისი — Sputnik. საქართველომ 2012 წლიდან მნიშვნელოვანი პროგრესი განიცადა და მაღალი რეიტინგის მქონე დასავლური კვლევები აჩვენებს, რომ ქვეყანა მსოფლიოს საუკეთესო ქვეყნების ათეულში შედის და ევროპაში პირველ ადგილზეა, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ.
2024 წლის თავისუფლებისა და კეთილდღეობის ინდექსის მიხედვით, საქართველო მსოფლიოს 45 საუკეთესო თავისუფალ ქვეყანას შორისაა. კვლევა ერთ-ერთმა ამერიკულმა ანალიტიკურმა ცენტრმა ჩაატარა. თავისუფლება შეფასდა ისეთი კრიტერიუმებით, როგორიცაა სამართლიანი არჩევნები, სამოქალაქო თავისუფლებები, პოლიტიკური უფლებები, კანონის უზენაესობა, ეკონომიკური თავისუფლებები და ა.შ.
„საქართველო ევროპაში არის პირველ ადგილზე ხანგრძლივი გაუმჯობესებით თავისუფლების შეფასების. ეს იმას ნიშნავს, რომ 2012 წლიდან დღემდე ჩვენ გვაქვს პროგრესი - პირველი ადგილი გვაქვს ევროპაში, რომ არაფერი ვთქვათ კანდიდატ ქვეყნებზე, მათ შორის, ევროპის ქვეყნებზე", - განაცხადა მდინარაძემ კვლევის შედეგების შეფასებისას.
მისი თქმით, შესაბამისად, ეს ნიშნავს, რომ როდესაც საქართველოს ხელისუფლებას ესაუბრებიან რაღაც რეფორმებზე, ქვეყნის ხელისუფლება საუბრობს არსებულის გაუმჯობესებაზე.
„ჩვენ უკვე ვუსწრებთ ყველა ამ მონაცემებით სხვებს და არსებულის გაუმჯობესებაზე ვლაპარაკობთ. ნებისმიერი დათქმა- 12-პუნქტიანი გეგმა, 9 ნაბიჯი და ა.შ. არსებულის გაუმჯობესებისკენ არის მოწოდებული“, - აღნიშნა მდინარაძემ.
კრიტიკა მსგავს საკითხებთან დაკავშირებით მომდინარეობს მხოლოდ იმის გამო, რომ რაღაცნაირად ევროპის თემა გამოიყენონ საარჩევნო მიზნებისათვის, დასძინა პოლიტიკოსმა.
„საქართველოს მოქალაქეებმა, ყველამ უნდა გავითავისოთ ერთი მთავარი დათქმა და ეს უნდა იყოს ჩვენი გენეტიკური კოდი, არის და უნდა იყოს კიდეც მომავალში, რომ ჩვენი თავი უნდა გვეკუთვნოდეს ჩვენ და ვიდრე ოპოზიციაში არ იქნებიან ისეთი ძალები, რომლებიც დამოუკიდებლად და არა გარედან მითითებით იღებენ გადაწყვეტილებებს, მანამდე უნდა აირჩიონ ის, ვინც იღებს საკუთარ თავზე გადაწყვეტილებას, ვინც იღებს საქართველოშივე გადაწყვეტილებას და არავის მითითებით“, - განაცხადა მდინარაძემ.
ამჟამად საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანაა. ეს სტატუსი ქვეყანამ მიიღო 2023 წლის დეკემბერში, უკრაინასა და მოლდოვაზე ერთი წლით გვიან, რასაც საქართველოს ხელისუფლებამ უსამართლობა უწოდა.
კანდიდატის სტატუსის გარდა, საქართველომ მიიღო ცხრა ახალი პირობა, რომელიც ქვეყანამ უნდა შეასრულოს გაწევრიანების თაობაზე მოლაპარაკებების დასაწყებად. მათ შორისაა პოლარიზაციის დაძლევა, დეოლიგარქიზაცია, თავისუფალი და კონკურენტული არჩევნების უზრუნველყოფა და სხვა.
რაც შეეხება საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივებს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ივნისის შუა რიცხვებში განაცხადა, რომ „გამჭვირვალობის შესახებ" კანონის მიღებამდე ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების გახსნის შანსები ნულის ტოლი იყო. ახლა კი შანსი არის დაახლოებით 20-30%. შედეგი იქ მიიღწევა, სადაც პრინციპულობა ვლინდება, აღნიშნა კობახიძემ.
ამასთან, ორშაბათს, 24 ივნისს, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე განიხილეს საქართველოს მთავრობისთვის ფინანსური დახმარების გაუქმების შესაძლებლობა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ მიღებული კანონისა და ოფიციალური პირების მიერ ევროკავშირის შესახებ გავრცელებული დეზინფორმაციის გამო, განაცხადა ბორელმა.
მისი თქმით, თუ მთავრობა არ შეცვლის ქმედებების კურსს, საქართველო წინ ვერ წაიწევს ევროკავშირის გზაზე.
„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ “ კანონის გათვალისწინებით საქართველოსთან შემდგომი ურთიერთობების საკითხი ხუთშაბათს, 27 ივნისს - უმაღლეს დონეზე - ევროპული საბჭოს მიერ იქნება განხილული. მანამდე, საქართველოში ევროკავშირის ელჩმა პაველჰერჩინსკიმ არ გამორიცხა, რომ საქართველოს მოქალაქეებისთვის 2017 წელს შემოღებული უვიზო რეჟიმი ექვსი თვით შეჩერდეს.
ვნებათაღელვა „გამჭვირვალობის შესახებ " კანონის ირგვლივ
„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი უცხოეთიდან დაფინანსებულ არასამთავრობო ორგანიზაციებს და მედიას სპეციალურ რეესტრში დარეგისტრირებას და ყოველწლიური დეკლარაციის შევსებას იმ შემთხვევაში ავალდებულებს, თუ მათი წლიური შემოსავლის 20% უცხოეთიდან მიღებული დაფინანსებაა.
წამყვანი ოპოზიციური პარტიები და ცნობილი არასამთავრობო ორგანიზაციები ამტკიცებენ, რომ კანონი ერთ სიბრტყეზე აყენებს საქართველოს მეგობრებსა და მტრებს, „ენჯეოებს“ იარლიყებს აწებებს და აფერხებს ქვეყნის ევროინტეგრაციას.
კანონის მიღებაზე უარისკენ ხელისუფლებას მოუწოდა ევროკავშირმა, ევროპულმა საბჭომ, გაერომ, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა , ეუთო/ოდირმა, ნატომ და საქართველოს ზოგიერთი პარტნიორის, დასავლური ქვეყნის ლიდერებმა.
საქართველოს ხელისუფლებაში აღნიშნავენ, რომ დასავლეთის კრიტიკა გაუგებარია, რადგან უცხოური დაფინანსების გამჭვირვალობის შესახებ კანონები აქვთ აშშ-ს, ისრაელსა და ავსტრალიას და ასეთი კანონპროექტები განხილვის სტადიაშია ევროკავშირსა და საფრანგეთში.
„ქართულმა ოცნებამ" 2023 წლის მარტში საპროტესტო აქციების ფონზე გაწვეული სკანდალური კანონპროექტის ხელახალი ინიცირების არგუმენტად მოიყვანა ის, რომ გამჭვირვალობის შესახებ დაპირების მიუხედავად, უცხოელმა დონორებმა გაზარდეს საქართველოში რადიკალური ჯგუფებისა და პარტიების ფარული დაფინანსება.
„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღების შემდეგ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა დააწესა სავიზო შეზღუდვის პოლიტიკა იმ პირების და მათი ოჯახის წევრების მიმართ, რომლებიც პასუხისმგებელი ან თანამონაწილეები არიან საქართველოს „დემოკრატიის ძირის გამოთხრაში“.