საქართველო ევრო 2024-ზე - კიტეიშვილი პორტუგალიის წინააღმდეგ მატჩში ითამაშებს

საქართველო-პორტუგალიის მატჩი, რომელიც ევრო 2024-ზე ეროვნული ნაკრების ბედს გადაწყვეტს, 26 ივნისს გაიმართება
Sputnik
თბილისი, 25 ივნისი — Sputnik. საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი ოთარ კიტეიშვილი, რომელმაც მონტენეგროსთან ამხანაგურ მატჩში (3:1) მიღებული ტრავმის გამო ევრო 2024-ის პირველი ორი მატჩი გამოტოვა, ძალები აღიდგინა და პორტუგალიასთან მატჩში გუნდს დაეხმარება, განაცხადეს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის განცხადებაში.
ევრო 2024-ის მესამე ტურში საქართველოს ნაკრები 26 ივნისს გელზენკირხენში, პორტუგალიის ეროვნულ ნაკრებს დაუპირისპირდება. მატჩი თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება. აღნიშნული მატჩის პარალელურად ჩეხეთის ნაკრები თურქეთს დაუპირისპირდება. ორი ტურის შემდეგ საქართველოსა და ჩეხეთის ნაკრებებს ერთ-ერთი ქულა აქვთ, თურქეთს სამი, პორტუგალიას კი ექვსი.
28 წლის კიტეიშვილი ხვალინდელი მატჩისთვის დანარჩენ ფეხბურთელებთან ერთად უკვე ვარჯიშობს, მანამდე ფეხბურთელი ინდივიდუალურად ვარჯიშობდა.
25 ივნისს, პორტუგალიასთან მატჩის წინ, „არენა აუფშალკეს" სტადიონზე მატჩისწინა პრესკონფერენცია გაიმართება. პრესკონფერენციის შემდეგ კი 20:00 საათზე, საქართველოს ნაკრები ფელბერტის საწვრთნელ ბაზაზე მატჩისწინა ვარჯიშს გამართავს. ვარჯიშის პირველი 15 წუთი ღია იქნება აკრედიტებული მედიისთვის.
22 ივნისს საქართველოს ფეხბურთის ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე ჯგუფური ეტაპის მეორე მატჩი ჰამბურგში ჩეხეთის ნაკრებთან გამართა და ფრე ანგარიშით 1:1 დაასრულა. ჩეხეთის ნაკრებში გოლი გიორგი მიქაუტაძემ გაიტანა - შეხვედრის საუკეთესო ფეხბურთელად მეკარე გიორგი მამარდაშვილი დასახელდა, მის ანგარიშზე 11 სეივია.
ევრო 2024-ზე კი პირველი მატჩი ეროვნულმა ნაკრებმა 18 ივნისს თურქეთთან გამართა და ანგარიშით 1:3 დაასრულა.
ევროპის ჩემპიონატი წელს გერმანიის ათ ქალაქში 14 ივნისიდან 14 ივლისის პერიოდში ტარდება - საქართველოს გუნდი F ჯგუფში თურქეთის, პორტუგალიისა და ჩეხეთის ნაკრებებთან ერთად მოხვდა.
ევროპის საკვალიფიკაციო ერთა ლიგის პლეი-ოფის ფინალში საბერძნეთის ნაკრებთან პენალტების სერიაში გამარჯვების წყალობით (4:2) საქართველოს ნაკრებმა ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატის საგზური მოიპოვა - ისტორიული მატჩი 26 მარტს შედგა.