თბილისი, 24 ივნისი — Sputnik. მიმდინარე წლის მაისში თბილისში ბინების გაყიდვები შემცირდა, ფასები კი 2023 წლის მაისის მაჩვენებელთან შედარებით გაიზარდა, ნათქვამია საინვესტიციო კომპანია Galt & Taggart-ის ანგარიშში.
კვლევის თანახმად, 2024 წლის მაისში უძრავი ქონების ბაზარზე გაყიდვების მოცულობა, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 7,9%-ით შემცირდა და 3,1 ათასი ბინა შეადგინა.
კლება მაისში უქმე დღეების სიმრავლემ და ქვეყანაში არსებულმა არასტაბილურმა ვითარებამ გამოიწვია, განმარტავენ კომპანიაში.
ჯამურად 2024 წლის პირველ ხუთ თვეში თბილისში 15.920 ბინა გაიყიდა, რაც წლიური 0,8%-იანი ზრდაა.
ტრანზაქციების რაოდენობის შემცირების ფონზე, მაისში ბაზრის მოცულობა წელიწადში 5,2%-ით შემცირდა და 229,4 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.
2024 წლის მაისში დარეგისტრირებული ტრანზაქციების ნახევარზე მეტი დაფიქსირდა დიდი დიღმის, საბურთალოსა და სამგორის რაიონებში.
მთაწმინდის, ვაკისა და ვაშლიჯვრის რაიონებში კი გაყიდვები ყველაზე დაბალია.
ანალიტიკოსების აზრით, მარტში თბილისში საცხოვრებელი უძრავი ქონების ქირის ღირებულებამ კვადრატულ მეტრზე 9,9 დოლარი შეადგინა და შემცირების ტენდენციას ინარჩუნებს.
როგორც მკვლევარები აღნიშნავენ, დღეისთვის ბინების 50% გაყიდულია იმ საცხოვრებელ კორპუსებში, რომელთა მშენებლობაც 2023-2024 წელს დაიწყო.