დეპუტატი: ევროპულმა საზოგადოებამ საქართველოს მიმართ უსამართლო განცხადებებს პასუხი გასცა

მაჭარაშვილის თქმით, ევროპის წამყვანი ქვეყნების საზოგადოების უმეტესობამ მხარი დაუჭირა საქართველოს პოზიციას
Sputnik
თბილისი, 24 ივნისი — Sputnik. ევროპარლამენტის არჩევნების დროს ევროპულმა საზოგადოებამ გასცა პასუხი არამხოლოდ ბორელს, არამედ ნებისმიერ თანამდებობის პირს, ვინც უსამართლო განცხადება გააკეთა საქართველოსთან მიმართებით, განაცხადა ოპოზიციური პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, დეპუტატმა გურამ მაჭარაშვილმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის ჯოზეფ ბორელის განცხადების პასუხად.
დღეს ბორელმა განაცხადა, რომ საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კარი ღიაა, მაგრამ თუ მთავრობა ამჟამინდელ პოლიტიკურ გზას გააგრძელებს, ეს კარი დაიხურება. მისი თქმით, საქართველოს ევროპული პერსპექტივა შეიძლება შემცირდეს ან გაუქმდეს.

„მგონია, რომ ჩვენს გარდა ევროპარლამენტის არჩევნების დროს, ევროპულმა საზოგადოებამ გასცა პასუხი არამხოლოდ ბორელს, არამედ ნებისმიერ თანამდებობის პირს, ვინც უსამართლო განცხადება გააკეთა საქართველოსთან მიმართებით", - განაცხადა მაჭარაშვილმა.

მისი თქმით, ევროპის წამყვანი ქვეყნების საზოგადოების უმეტესობამ მხარი დაუჭირა საქართველოს პოზიციას, ტრადიციულ კონსერვატიულ მიმართულებას, სამართლიანობას, მშვიდობასა და ეკონომიკურ განვითარებას.
„მან უარი უთხრა უსამართლობას, ომს, ეკონომიკურ ჩამოქცევასა და ა.შ. ამიტომ, არამხოლოდ ჩვენ, არამედ ევროპის საზოგადოების უდიდესმა ნაწილმა დაუხურა კარი თავად არამხოლოდ ერთ თანამდებობის პირს, არამედ ყველას, ვინც კი უსამართლო განცხადება გააკეთა საქართველოსთან მიმართებით”, - განაცხადა მაჭარაშვილმა.
ევროპარლამენტის არჩევნები 6-9 ივნისის პერიოდში ევროკავშირის 27 ქვეყანაში ჩატარდა. გაიმარჯვა იგივე „ევროპის სახალხო პარტიამ", თუმცა, მემარჯვენე და ულტრამემარჯვენე პარტიებმა გააუმჯობესეს თავიანთი შედეგები ევროკავშირის ძირითად ქვეყნებში, მათ შორის იტალიაში, გერმანიასა და საფრანგეთში. უფრო მეტიც, ბოლო ორ ქვეყანაში მმართველი პარტიები მემარჯვენეებთან დამარცხდნენ.
რაც შეეხება „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ “ კანონის გათვალისწინებით საქართველოსთან შემდგომი ურთიერთობების საკითხის გადაჭრას, ევროკავშირი მიმდინარე კვირაში გეგმავს. 24 ივნისს საკითხი განიხილება ევროკავშირის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე, ხოლო 27 ივნისს - უმაღლეს დონეზე - ევროპული საბჭოს მიერ. საპასუხო ზომების ერთ-ერთი ვარიანტი შეიძლება იყოს საქართველოს მოქალაქეებისთვის 2017 წელს შემოღებული უვიზო რეჟიმის ექვსი თვით შეჩერება, განაცხადა მაისის დასაწყისში საქართველოში ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ.
ასევე, ბორელის თქმით, „ზომების" ქვეშ მოიაზრება, მაგალითად, ევროპული სამშვიდობო ფონდის მეშვეობით მხარდაჭერის შეწყვეტა, მაღალი დონის პოლიტიკური კონტაქტების შეწყვეტა, დაფინანსების ნაწილის შეჩერება, რომელიც პირდაპირ მთავრობისკენ მიემართება.
ამჟამად საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანაა. ეს სტატუსი ქვეყანამ მიიღო 2023 წლის დეკემბერში, უკრაინასა და მოლდოვაზე ერთი წლით გვიან, რასაც საქართველოს ხელისუფლებამ უსამართლობა უწოდა.
კანდიდატის სტატუსის გარდა, საქართველომ მიიღო ცხრა ახალი პირობა, რომელიც ქვეყანამ უნდა შეასრულოს გაწევრიანების თაობაზე მოლაპარაკებების დასაწყებად. მათ შორისაა პოლარიზაციის დაძლევა, დეოლიგარქიზაცია, თავისუფალი და კონკურენტული არჩევნების უზრუნველყოფა და სხვა. უკრაინასა და მოლდოვასთან მოლაპარაკებები უკვე 25 ივნისს გაიხსნება.
ვნებათაღელვა „გამჭვირვალობის შესახებ " კანონის ირგვლივ
„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი უცხოეთიდან დაფინანსებულ არასამთავრობო ორგანიზაციებს და მედიას სპეციალურ რეესტრში დარეგისტრირებას და ყოველწლიური დეკლარაციის შევსებას იმ შემთხვევაში ავალდებულებს, თუ მათი წლიური შემოსავლის 20% უცხოეთიდან მიღებული დაფინანსებაა.
წამყვანი ოპოზიციური პარტიები და ცნობილი არასამთავრობო ორგანიზაციები ამტკიცებენ, რომ კანონი ერთ სიბრტყეზე აყენებს საქართველოს მეგობრებსა და მტრებს, „ენჯეოებს“ იარლიყებს აწებებს და აფერხებს ქვეყნის ევროინტეგრაციას.
კანონის მიღებაზე უარისკენ ხელისუფლებას მოუწოდა ევროკავშირმა, ევროპულმა საბჭომ, გაერომ, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა , ეუთო/ოდირმა, ნატომ და საქართველოს ზოგიერთი პარტნიორის, დასავლური ქვეყნის ლიდერებმა.
საქართველოს ხელისუფლებაში აღნიშნავენ, რომ დასავლეთის კრიტიკა გაუგებარია, რადგან უცხოური დაფინანსების გამჭვირვალობის შესახებ კანონები აქვთ აშშ-ს, ისრაელსა და ავსტრალიას და ასეთი კანონპროექტები განხილვის სტადიაშია ევროკავშირსა და საფრანგეთში.
„ქართულმა ოცნებამ" 2023 წლის მარტში საპროტესტო აქციების ფონზე გაწვეული სკანდალური კანონპროექტის ხელახალი ინიცირების არგუმენტად მოიყვანა ის, რომ გამჭვირვალობის შესახებ დაპირების მიუხედავად, უცხოელმა დონორებმა გაზარდეს საქართველოში რადიკალური ჯგუფებისა და პარტიების ფარული დაფინანსება.
„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღების შემდეგ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა დააწესა სავიზო შეზღუდვის პოლიტიკა იმ პირების და მათი ოჯახის წევრების მიმართ, რომლებიც პასუხისმგებელი ან თანამონაწილეები არიან საქართველოს „დემოკრატიის ძირის გამოთხრაში“.