საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა ცაგარეიშვილისთვის უფლებამოსილების შეწყვეტას მხარი დაუჭირა

ცაგარეიშვილი 19 ივნისს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილედ დაინიშნა.
Sputnik
თბილისი, 24 ივნისი – Sputnik. პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა გიორგი ცაგარეიშვილის სადეპუტატო უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტას მხარი დაუჭირა.
დეპუტატის უფლებამოსილების საკითხის შეჩერება დღის წესრიგში მას შემდეგ დადგა, რაც პარლამენტის წევრი გიორგი ცაგარეიშვილი 19 ივნისს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილედ დაინიშნა.
კენჭისყრის დაწყებამდე საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ქადაგიშვილმა გიორგი ცაგარეიშვილს წარმატებები უსურვა.
„რადგან გიორგი ცაგარეიშვილი დაინიშნა მინისტრის მოადგილის თანამდებობაზე, მას კანონით შეუთავსებლობა აქვს პარლამენტის წევრობასთან. წარმატებები ვუსურვოთ ამ საპასუხისმგებლო თანამდებობაზე მუშაობაში“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.
გიორგი ცაგარეიშვილის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხი პარლამენტის პირველივე პლენარულ სხდომაზე გავა.
გიორგი ცაგარეიშვილი 2022 წლიდან დღემდე საქართველოს მეათე მოწვევის პარლამენტის წევრი და ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილე იყო.
2004-2016 წლებში - საქართველოს პარლამენტის მე-6, მე-7 და მე-8 მოწვევის დეპუტატი იყო.
ცაგარეიშვილი სხვადასხვა წლებში იყო პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის, აგრარულ საკითხთა კომიტეტის, ასევე იურიდიულ საკითხთა და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის წევრი იყო.
2017-2018 წლებში საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მრჩევლის პოზიციას იკავებდა.