თბილისი, 23 ივნისი — Sputnik. 2024 წლის 15 სექტემბრიდან საქართველოს სკოლების მასწავლებელთა ხელფასი დამოკიდებული იქნება კვალიფიკაციაზე, სამუშაო სტაჟზე, მასწავლებლის სტატუსსა და სამუშაო საათებზე, შესაბამის ბრძანებას განათლების მინისტრმა უკვე მოაწერა ხელი.
თანამდებობრივი სარგო ერთი საგაკვეთილო საათის შემთხვევაში 96 ლარს შეადგენს - 25 საგაკვეთილო საათი 2.350 ლარი იქნება.
საგაკვეთილო საათებს დაემატება სარგო კვალიფიკაციის მიხედვით. ბაკალავრის ხარისხის შემთხვევაში დანამატი შეადგენს 20 ლარს, 2000 წლამდე მიღებული მაგისტრის ხარისხის ან პედაგოგიური განათლების შემთხვევაში - 40 ლარს, დოქტორის ხარისხის შემთხვევაში - 100 ლარს.
სრულ თანამდებობრივ სარგოს მიიღებს მასწავლებელი კვირაში 15 საათიანი დატვირთვის შემთხვევაში, ხოლო ნაკლები საათის შემთხვევაში - დატვირთვის პროპორციულად.
საათებისა და კვალიფიკაციის სარგოებს დაემატება განაკვეთი სტაჟისთვის: 15 ლარი 5-წლამდე სტაჟის შემთხვევაში, 30 ლარი 5-დან 10 წლამდე და 45 ლარი 10 წელზე მეტი სტაჟისთვის. ამ შემთხვევაში მასწავლებელი კვირაში 15 საათზე მეტ დატვირთვაზე თანამდებობრივი სარგოს სრულ ოდენობასაც მიიღებს, ხოლო ნაკლები საათის შემთხვევაში - დატვირთვის პროპორციულად.
გარდა ამისა, არაქართულენოვან სკოლებსა და სექტორებში კლასკომპლექტებისა და ქართული ენის, საქართველოს ისტორიისა და გეოგრაფიის სწავლებისთვის თანამდებობრივ სარგოზე დანამატი იქნება 40,5 ლარი, ხოლო კლასის დამრიგებლობისთვის 101,25 ლარი.
მაღალმთიანი რეგიონების სკოლებში მასწავლებლები სრული დატვირთვის შემთხვევაში 150-ლარიან დანამატს მიიღებენ. გარდა ამისა, მასწავლებლები მიიღებენ დანამატს ფუნქციური დატვირთვისთვის - წამყვანი მასწავლებლისთვის დანამატი იქნება 150 ლარი, ხოლო მენტორი მასწავლებლისთვის – 300 ლარი.
ახალი სახელფასო პოლიტიკის თანახმად, მასწავლებელთა 70%-ს ხელფასი 500-დან 800 ლარამდე ეზრდებათ. 300-დან 400 ლარამდე გაეზრდება ანაზღაურება პედაგოგთა 25%-ს. დარჩენილ 5% -ს კი, ვისაც შედარებით მცირე სააათობრივი დატვირთვა აქვს, ხელფასი 200 ლარით მოემატება.