თბილისი, 23 ივნისი — Sputnik. საქართველოს ფეხბურთის ნაკრებისა და ესპანეთის „ვალენსიის" მეკარე გიორგი მამარდაშვილი ევროპის 2024 წლის ჩემპიონატის მეორე ტურის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა.
ქართველი გოლკიპერი საუკეთესოთა შორის სპორტულმა პორტალმა Sofascore-მა დაასახელა.
22 ივნისს საქართველოს ფეხბურთის ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე ჯგუფური ეტაპის მეორე მატჩი ჰამბურგში ჩეხეთის ნაკრებთან გამართა და ფრე ანგარიშით 1:1 დაასრულა. ჩეხეთის ნაკრებში გოლი გიორგი მიქაუტაძემ გაიტანა - შეხვედრის საუკეთესო ფეხბურთელად მეკარე გიორგი მამარდაშვილი დასახელდა, მის ანგარიშზე 11 სეივია.
„მამარდაშვილმა საოცრად ითამაშა და ტურის საუკეთესო მოთამაშე გახდა“, - ასე გამოეხმაურა პორტალი ქართველი მეკარის თამაშს ჩეხეთთან მატჩში.
Sofascore-ს მონაცემებით, მამარდაშვილმა 10-ბალიანი სისტემით 9,8 ქულა დააგროვა, რაც ყველა ფეხბურთელს შორის საუკეთესო მაჩვენებელია.
მეორე ადგილზეა გერმანიის ნაკრების მარჯვენა მცველი იოზუა კიმიხი, რომლის გამოსვლა უნგრეთთან მატჩში 8,9 ქულით შეფასდა.
პირველი ტურის შედეგებით სიმბოლურ ნაკრებში ასევე მოხვდა საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი, ფორვარდი გიორგი (ჟორჟ) მიქაუტაძე, რომელმაც ევრო 2024-ზე უკვე ორი გოლი გაიტანა - ჩეხეთისა და თურქეთის ნაკრებებთან.
ევრო 2024-ის მესამე ტურში საქართველოს ნაკრები 26 ივნისს გელზენკირხენში, პორტუგალიის ეროვნულ ნაკრებს დაუპირისპირდება. მატჩი თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.
ევროპის ჩემპიონატი წელს გერმანიის ათ ქალაქში 14 ივნისიდან 14 ივლისის პერიოდში ტარდება - საქართველოს გუნდი F ჯგუფში თურქეთის, პორტუგალიისა და ჩეხეთის ნაკრებებთან ერთად მოხვდა.
ევროპის საკვალიფიკაციო ერთა ლიგის პლეი-ოფის ფინალში საბერძნეთის ნაკრებთან პენალტების სერიაში გამარჯვების წყალობით (4:2) საქართველოს ნაკრებმა ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატის საგზური მოიპოვა - ისტორიული მატჩი 26 მარტს შედგა.