თბილისი, 23 ივნისი — Sputnik. საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებელთა დაცვის სააგენტომ (GCCA) „საქართველოს მრეწველთა ასოციაციის" განცხადება დასაშვებლად ცნო და ანტიდემპინგური გამოძიება დაიწყო, ნათქვამია განცხადებაში.
სააგენტოს ინფორმაციით, საკითხი ეხება საქართველოში რუსეთსა და ირანში ფოლადისგან წარმოებული არმატურისა და გლინულის სავარაუდო დემპინგურ იმპორტს ხელოვნურად დაბალ ფასში.
GCCA-ს საკითხის შესწავლის ფარგლებში, მთავრობისთვის შესაბამისი დასკვნის წარდგენისთვის 12 თვე აქვს, ეს ვადა შეიძლება 6 თვით გაგრძელდეს. დემპინგის დადგენის და ადგილობრივი ინდუსტრიისთვის ზიანის დადასტურების შემთხვევაში GCCA-ის დასკვნის საფუძველზე მთავრობას შეუძლია შემოიღოს სპეციალური ანტიდემპინგური ტარიფი 5 წლის ვადით.
განცხადების დასაშვებობის შემოწმების ეტაპზე ირანიდან იმპორტირებული პროდუქტის სავარაუდო დემპინგური ზღვარი 21%-ით, ხოლო რუსეთიდან იმპორტირებული პროდუქტის სავარაუდო დემპინგური ზღვარი 5%-ით განისაზღვრა.
GCCA-ს მიერ დამუშავებული ინფორმაციის მიხედვით ირკვევა, რომ გათვალისწინებულ პერიოდში ირანიდან და რუსეთიდან პროდუქციის იმპორტის, როგორც რაოდენობრივი, ისე ღირებულებითი მოცულობა მზარდი ტრენდით ხასიათდება. სააგენტო აღნიშნავს, რომ მზარდი იმპორტის პარალელურად, პროდუქციის ერთეულის ფასი კლებადია.
2021-2023 წლების პერიოდში საქართველოს მთლიან იმპორტში რუსეთიდან იმპორტირებული პროდუქტის წილი 4%-დან 42%-მდე, ხოლო ირანის შემთხვევაში, 12%-დან 30%-მდე არის გაზრდილი.
ერთეულის ფასი (აშშ დოლარი/ტონა) ირანიდან იმპორტის შემთხვევაში თანაბრად კლებადია, ხოლო რუსეთის შემთხვევაში 2022 წელს 2021 წელთან შედარებით მზარდია, 2023 წელს კი 2022 და 2021 წელთან შედარებით - კლებადი.
2023 წელს ირანიდან იმპორტირებული არმატურა შეადგენდა 60,291 ტონას (34,6 მლნ აშშ დოლარს), ხოლო 1 ტონა არმატურის საშუალო შეწონილი ფასი 574 აშშ დოლარს.
რუსეთიდან იმპორტმა შეადგინა 86,117 ტონა (50.5 მლნ აშშ დოლარი), ხოლო 1 ტონა არმატურის საშუალო შეწონილი ფასი 586 აშშ დოლარი.