თბილისი, 22 ივნისი - Sputnik. საქართველოს პროკურატურამ ჯგუფის მიერ წინასწარი შეცნობით უმწეო მდგომარეობაში მყოფი პირის მიმართ განხორციელებული ტრეფიკინგის ფაქტზე სამ პირს, აღნიშნული დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
გამოძიების ცნობით, ბრალდებულებმა წინასწარი შეცნობით უმწეო მდგომარეობაში მყოფი დაზარალებული სარგებლის მიღების მიზნით გადმოიბირეს და მას სექსუალურ ექსპლუატაციას უწევდნენ, სანაცვლოდ მიღებულ თანხას კი ისაკუთრებდნენ და საკუთარი შეხედულებისამებრ განკარგავდნენ.
განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენის თაობაზე ცნობილი იყო კიდევ ერთი პირისთვის, რომელმაც აღნიშნულის შესახებ სამართალდამცავ ორგანოებს არ შეატყობინა.
სამ დაკავებულს ბრალდება სსკ-ის 143-ე პრიმა მუხლით წარედგინა (ადამიანით ვაჭრობა (ტრეფიკინგი) ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, უმწეო მდგომარეობაში მყოფი პირის მიმართ), რაც 12-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს, ხოლო ერთ სსკ-ის 376-ე მუხლით (დანაშაულის შეუტყობინებლობა) რაც სამიდან შვიდ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს.
სასამართლომ ოთხივე ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა უკვე შეუფარდა. სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება.