თბილისი, 21 ივნისი – Sputnik საქართველო ვერ გახდება შეერთებულ შტატებსა და ჩინეთს შორის პოლიტიკური პაექრობის მძევალი, რადგან საკუთარი ეკონომიკის განვითარებაზე უნდა იზრუნოს, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ დეპუტატმა ირაკლი ქადაგიშვილმა.
აშშ-ის ელჩმა საქართველოში რობინ დანიგანმა გააკრიტიკა საქართველოს ხელისუფლება იმის გამო, რომ ქვეყნის პირველი ღრმაწყლოვანი პორტის პროექტში ქალაქ ანაკლიაში კერძო პარტნიორად ჩინურ-სინგაპურული კონსორციუმი აირჩიეს. მისი თქმით, კონსორციუმში შემავალი კომპანია China Communications Construction Company-ის დიდი წილის მფლობელია ჩინეთის კომუნისტური პარტია, რომელიც რუსეთის არმიას აფინანსებს.
„სახელმწიფო, რა თქმა უნდა, ვერ გახდება ორ ქვეყანას შორის პოლიტიკური პაექრობის მძევალი. ჩვენ ჩვენი ეკონომიკის განვითარებაზე უნდა ვიზრუნოთ. მით უმეტეს, რომ რა თქმა უნდა, ჩინური ტვირთები იქნება ძირითადი ის ტვირთები, რომლებმაც პერსპექტივაში დასავლეთ-აღმოსავლეთის დამაკავშირებელი გზა უნდა უზრუნველყოს“, - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა ტელეკომპანია „რუსთავი2“-ის ეთერში.
ქადაგიშვილის თქმით, საქართველომ გამოაცხადა ევროპული და საერთაშორისო წესების სრული დაცვით ღია საერთაშორისო ტენდერი ანაკლიაში პირველი ღრმაწყლოვანი პორტის აშენებაზე.
„ვინც მიიღო ამ ტენდერში მონაწილეობა, ის კომპანია გახდა გამარჯვებული. სამწუხაროდ, არ მიუღია ამერიკის შეერთებული შტატების კომპანიებს ამ ტენდერში მონაწილეობა. არც ევროპის ბევრ ქვეყანას არ გამოუჩენია, რაიმე კონკრეტული ინტერესი და საბოლოო ეტაპზე, დაგვრჩა მხოლოდ ჩინური კომპანია, რომელიც რა თქმა უნდა, ყველა იმ პირობებს აკმაყოფილებს, რაც ტენდერით იყო მოთხოვნილი“, - აღნიშნა მან.
ჩინეთის საელჩომ აშშ-ის ელჩის განცხადებას აბსურდული უწოდა და სერიოზულად შეუსაბამო ფაქტებთან. გარდა ამისა, დანიგანი არაპროფესიონალიზმში დაადანაშაულეს.
როგორც პარტია „გირჩის“ დეპუტატმა ჰერმან საბომ განაცხადა, დანიგანის განცხადება ვაშინგტონთან შეთანხმებული იყო.
„არ მგონია, რომ ჰაერზე რამეს იძახდნენ ამერიკელები და ეს ალბათ უკვე ამერიკა-ჩინეთის ურთიერთობების გარკვევის საკითხია. ისიც არ მგონია, რომ ქალბატონი ელჩი თავისი ინიციატივით საუბრობდეს. მისი მესიჯბოქსი იქნება აბსოლუტურად შეთანხმებული ვაშინგტონთან. ასე რომ მისი დადანაშაულება, რომ არაპროფესიონალურად მოიქცა, არ მგონია ადეკვატური," - აცხადებს ჰერმან საბო.
ჩინეთის საელჩოს განცხადება ასევე შეაფასა პარლამენტის დეპუტატმა, პარტია „ლელოს“ პოლიტმდივანმა სალომე სამადაშვილმა.
„ჩინეთის განცხადებები უკავშირდება მათ დღის წესრიგს ჩვენს ქვეყანაში და ამ ძალიან მნიშვნელოვან შუა დერეფანში, რომელსაც სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს", - განაცხადა სალომე სამადაშვილი.
საქართველოს ხელისუფლებამ გადაწყვიტა განაახლოს ანაკლიის პორტის მშენებლობა იმ პირობით, რომ სახელმწიფო იქნება 51%-ის მფლობელი. ამ ისტორიული პროექტის რეალიზაციაში სახელმწიფოს პარტნიორი კერძო ინვესტორის შესარჩევ კონკურსში გამარჯვებული ჩინურ-სინგაპურული კონსორციუმი (ჩინური კომპანია China Communications Construction Company Limited და სინგაპურის კომპანია China Harbor Investment Pte. Ltd) იქნება, რომელმაც ერთადერთმა შეიტანა განაცხადი.
როგორც ადრე პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის თაობაზე ჩინურ-სინგაპურულ კონსორციუმთან პარტნიორობის შესახებ შეთანხმება შესაბამისი პროცედურების დასრულების შემდეგ გაფორმდება.
ტენდერის შედეგების მიხედვით, ბოლო დრომდე ანაკლიის პორტში კერძო ინვესტორის სტატუსის პრეტენდენტები იყვნენ: შვეიცარიულ-ლუქსემბურგული კომპანია (Terminal Investment Limited Holding S.A. (T.I.L Holding S.A.) და ჩინეთ-სინგაპურის კონსორციუმი (ჩინური კომპანია China Communications Construction Company Limited და სინგაპურის კომპანია China Harbor Investment Pte Ltd).
პარტნიორობის ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ, სახელმწიფოს მიერ 2023 წელს დაარსებული „ანაკლიის საზღვაო ნავსადგური" კერძო პარტნიორთან ერთად შექმნის ერთობლივ კომპანიას, რომელშიც სახელმწიფო წილი 51% იქნება. ერთობლივ კომპანიას მოუწევს პორტის განვითარება.
პროექტის პირველი ეტაპის დასრულების შემდეგ, პრემიერის თქმით, ანაკლიის პორტი წელიწადში 600 ათასი კონტეინერის მიღებას შეძლებს. ეს არის 7,8 მილიონი ტონა ტვირთის გადაზიდვის რესურსი.
საქართველოში ამჟამად ორი პორტი ფუნქციონირებს - ბათუმსა და ფოთში. ამასთან ტვირთების ძირითადი ნაკადი გადის ფოთის პორტით, რომელიც მდებარეობს ანაკლიიდან დაახლოებით 70 კილომეტრში.
ფოთის საზღვაო ტერმინალს ამჟამად წელიწადში 400 ათასი კონტეინერის მიღება შეუძლია, 2026 წელს კი, ფსკერის გაღმავების შემდეგ, მოცულობა 1 მილიონ TEU-მდე უნდა გაიზარდოს.
წარუმატებელი პირველი მცდელობა
ანაკლიაში ახალი პორტის მშენებლობა 2017 წლის დეკემბერში დაიწყო, ხოლო 2018 წლის ივლისში დაიწყო ფსკერის 16 მეტრამდე დაღრმავების სამუშაოები, რაც მალევე შეჩერდა. თავდაპირველად სახელმწიფო პორტის მშენებლობის მთლიანად კერძო სექტორის ხელში გადაცემას გეგმავდა და ამ პირობებით 2016 წელს ტენდერი გამოაცხადა.
გამარჯვებული გახდა „ანაკლიის პორტის განვითარების კონსორციუმი", რომელიც დააფუძნეს "თიბისი ჰოლდინგმა" და ამერიკულმა კომპანიამ Conti International LLC, რომლებმაც ჩამოაყალიბეს კომპანია Anaklia Holding JSC. სწორედ ამერიკული კომპანიის მონაწილეობა იყო სახელმწიფოს მთავარი პირობა.
„ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა" ვერ შეძლო ფინანსური გარიგების დახურვის ვალდებულების შესრულება, რომელიც ითვალისწინებდა 400 მილიონი დოლარის მოზიდვას საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებისგან – EBRD, EIB, OPIC და NDB. ამ მიზეზით მთავრობამ კონსორციუმთან კონტრაქტი გაწყვიტა.