თბილისი, 22 ივნისი — Sputnik. ფეხბურთის სტატისტიკის ანალიტიკურმა პორტალმა Sofascore-მა საქართველო-ჩეხეთის მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად საქართველოს ნაკრების მეკარე გიორგი მამარდაშვილი დაასახელა.
Sofascore-ის მონაცემებით, საქართველოს ეროვნული ნაკრების მეკარეს 9,7 ქულა აქვს.
დღეს, საქართველოს ფეხბურთის ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე ჯგუფური ეტაპის მეორე მატჩი ჰამბურგში ჩეხეთის ნაკრებთან გამართა და ფრე ანგარიშით 1:1 დაასრულა.
მატჩის პირველ ტაიმში ჩეხეთის ნაკრები კარი გიორგი მიქაუტაძემ აიღო - ფეხბურთელმა გოლი პირველი ტაიმის 45-ე წუთზე 11-მეტრიანით გაიტანა და ეროვნულ ნაკრებს ევროპის ჩემპიონატზე პირველი ისტორიული ქულა მოუტანა.
ჩეხებმა ანგარიშის გათანაბრება მატჩის მეორე ნახევარში, 59-ე წუთზე შეძლეს.
ევროპის ჩემპიონატი წელს გერმანიის ათ ქალაქში 14 ივნისიდან 14 ივლისის პერიოდში ტარდება - საქართველოს გუნდი F ჯგუფში თურქეთის, პორტუგალიისა და ჩეხეთის ნაკრებებთან ერთად მოხვდა. ჩეხეთის შემდეგ, საქართველოს ნაკრები 26 ივნისს გელზენკირხენში, პორტუგალიის ეროვნულ ნაკრებს დაუპირისპირდება. მატჩი თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.
ევროპის საკვალიფიკაციო ერთა ლიგის პლეი-ოფის ფინალში საბერძნეთის ნაკრებთან პენალტების სერიაში გამარჯვების წყალობით (4:2) საქართველოს ნაკრებმა ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატის საგზური მოიპოვა - ისტორიული მატჩი 26 მარტს შედგა.