თბილისი, 22 ივნისი — Sputnik. დღეს საქართველოს ფეხბურთის ეროვნული ნაკრები თავის სადებიუტო 2024 წლის ევროპის ჩემპიონატზე ჯგუფური ეტაპის მეორე შეხვედრას გამართავს, ქალაქ ჰამბურგში ეროვნული ნაკრები ჩეხეთს დაუპირისპირდება - მატჩი თბილისის დროით 17:00 საათზე დაიწყება.
ორივე გუნდი ტურნირის პირველ წრეში დამარცხდა - საქართველოს ნაკრები თურქეთის ნაკრებთან ანგარიშით 1:3 დამარცხდა - მეტოქის კარგი ერთადერთი გოლი გიორგი მიქაუტაძემ გაიტანა. ჩეხეთის ფეხბურთელებმა კი პირველი მატჩი პორტუგალიასთან ანგარიშით 1:2 წააგეს.
საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა ჩეხეთის ნაკრებთან დაპირისპირებამდე პრესკონფერენცია გამართა და გუნდის მომზადებაზე ისაუბრა. მისი თქმით, ტრავმის გამო ოთარ კიტეიშვილი ჩეხეთთან შეხვედრასაც გამოტოვებს.
„თურქეთთან განსაკუთრებულად ემოციური შეხვედრა იყო და საინტერესო თამაში ვაჩვენეთ. გუნდმა ენერგია აღიდგინა, მხოლოდ კიტეიშვილი გვაკლია. ეს მატჩი განსხვავებული იქნება, რადგან ჩეხეთი სხვა სტილის მქონე, გამოცდილი გუნდია, საკვალიფიკაციო ეტაპი წარმატებით ჩაატარა და მათთან თამაში იოლი არ იქნება", - განაცხადა სანიოლმა.
ჰამბურგში მატჩის წინ პრესკონფერენციაზე ჩეხეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ივან ჰასეკმა საქართველოს ნაკრებზე თავისი მოსაზრებები გამოთქვა.
„ჩვენი თანამშრომლები საქართველოს ნაკრების პირველ მატჩს ესწრებოდნენ და მეტოქის თამაში გაანალიზეს. საქართველოს ჰქონდა მომენტები, მათ შორის, ბოლო წუთში გოლის გატანის შანსი. მთლიანობაში ნაკრებმა მაღალი კლასის თამაში აჩვენა - როგორც გუნდურად, ისე ინდივიდუალურად", - განაცხადა ჰასეკმა.
საქართველოს ნაკრებისთვის ჩეხეთთან გამარჯვება მნიშვნელოვანია - სამი ქულის მოპოვების შემთხვევაში ეროვნულ ნაკრებს შანსი ექნება, რომ ჯგუფიდან მესამე ადგილით გავიდეს.
ევროპის ჩემპიონატი წელს გერმანიის ათ ქალაქში 14 ივნისიდან 14 ივლისის პერიოდში ტარდება - საქართველოს გუნდი F ჯგუფში თურქეთის, პორტუგალიისა და ჩეხეთის ნაკრებებთან ერთად მოხვდა. ჩეხეთის შემდეგ, საქართველოს ნაკრები 26 ივნისს გელზენკირხენში, პორტუგალიის ეროვნულ ნაკრებს დაუპირისპირდება.
ევროპის საკვალიფიკაციო ერთა ლიგის პლეი-ოფის ფინალში საბერძნეთის ნაკრებთან პენალტების სერიაში გამარჯვების წყალობით (4:2) საქართველოს ნაკრებმა ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატის საგზური მოიპოვა - ისტორიული მატჩი 26 მარტს შედგა.