თბილისი, 21 ივნისი – Sputnik. საქართველოს საფეხბურთო ნაკრებს ევროპის ჩემპიონატზე თურქეთთან მატჩში იღბალი დააკლდა, მაგრამ ჩეხეთს აუცილებლად მოუგებს, ამის შესახებ საქართველოს მთავრობის მეთაურმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
საქართველოს ნაკრები სადებიუტო მატჩში თურქეთის ნაკრებთან ანგარიშით 1:3 წაგების შემდეგ, შაბათს ჩეხეთის ნაკრებთან ითამაშებს. ჩეხეთის ფეხბურთელებმაც პირველი მატჩი პორტუგალიასთან ანგარიშით 1:2 წააგეს.
„რაც შეხება ჰამბურგში თამაშს, აუცილებლად დავესწრები და მაქვს გამარჯვების ძალიან დიდი იმედი. თქვენ ნახეთ, პირველ მატჩში ყველაფერი ჩადეს ჩვენმა ფეხბურთელებმა, უბრალოდ ცოტა იღბალი დაგვაკლდა. მგონია, რომ ამ შემთხვევაში იღბალიც იქნება ჩვენს მხარეს და ჩეხეთთან აუცილებლად გავიმარჯვებთ", - განაცხადა პრემიერმა.
პრემიერი, როგორც საქართველოს ხელისუფლების ბევრი სხვა წარმომადგენელი, საქართველო-თურქეთის მატჩს ესწრებოდა.
საქართველოს ნაკრები მესამე მატჩს პორტუგალიის გუნდთან 26 ივნისს გელზენკირხენში გამართავს.
საქართველო ევროპის ჩემპიონატში, რომელიც წელს გერმანიის ათ ქალაქში 14 ივნისიდან 14 ივლისის პერიოდში ტარდება, პირველად მონაწილეობს.
ევროპის საკვალიფიკაციო ერთა ლიგის პლეი-ოფის ფინალში საბერძნეთის ნაკრებთან პენალტების სერიაში გამარჯვების წყალობით (4:2) საქართველოს ნაკრებმა ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატის საგზური მოიპოვა - ისტორიული მატჩი 26 მარტს შედგა.