შშმ პირს სექსუალური მომსახურების გაწევას აიძულებდნენ: დაკავებულია 4 პირი

დანაშაულები 14 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
Sputnik
თბილისი, 21 ივნისი - Sputnik. სამართალდამცველებმა ადამიანით ვაჭრობისა (ტრეფიკინგი) და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით 4 პირი დააკავეს, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
დაკავებულთა შორის, რომელთა ასაკი 34-დან 65 წლამდეა, წარსულში სხვადასხვა დანაშაულისთვის ნასამართლევი პირები არიან.
გამოძიების მიხედვით, ბრალდებულებმა ადამიანით ვაჭრობის გეგმა შეიმუშავეს. გეგმის სისრულეში მოყვანის მიზნით გადაიბირეს შშმ მოქალაქე და სექსუალურ ექსპლუატაციას უწევდნენ.
„კერძოდ, დაზარალებულს, ფსიქოლოგიური ძალადობის გამოყენებით, სხვა პირებისთვის, გარკვეული ანაზღაურების სანაცვლოდ, სექსუალური მომსახურების გაწევას აიძულებდნენ. ბრალდებულები ამ გზით მიღებულ თანხას კი პირადად ისაკუთრებდნენ“, - ნათქვამია განცხადებაში.
გამოძიებით, ასევე, დადგინდა, რომ აღნიშნული დანაშაულებრივი გეგმის შესახებ ცნობილი იყო ერთ-ერთი ბრალდებულისთვის, თუმცა მან სამართალდამცავ ორგანოებს დანაშაულის თაობაზე არ შეატყობინა.
გამოძიება საქართველოს სსკ-ის 143-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილით და 376-ე მუხლით მიმდინარეობს. დანაშაულები 14 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.