თბილისი, 21 ივნისი – Sputnik. ჩინეთი ევროკავშირისა და აშშ-ის მნიშვნელოვანი სავაჭრო პარტნიორია, ამიტომ საქართველოს კრიტიკა ჩინეთთან ეკონომიკური კავშირების გაღრმავების გამო ორმაგი სტანდარტია, ამის შესახებ ბერლინში საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
აშშ-ის ელჩმა საქართველოში რობინ დანიგანმა გააკრიტიკა საქართველოს ხელისუფლება იმის გამო, რომ ქვეყნის პირველი ღრმაწყლოვანი პორტის პროექტში ქალაქ ანაკლიაში კერძო პარტნიორად ჩინურ-სინგაპურული კონსორციუმი აირჩიეს. მისი თქმით, კონსორციუმში შემავალი კომპანია China Communications Construction Company-ის დიდი წილის მფლობელია ჩინეთის კომუნისტური პარტია, რომელიც რუსეთის არმიას აფინანსებს.
„რეალურად, ყველამ იცის, რომ ჩინეთი არის ევროკავშირისა და ამერიკის შეერთებული შტატებისთვის ერთ-ერთი უმთავრესი სავაჭრო პარტნიორი. როდესაც ასეთ პირობებში ვისმენთ საქართველოს კრიტიკას ჩინეთთან ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების შესახებ, ეს არის ორმაგი სტანდარტი და ჩვენთვის ასეთი ორმაგი სტანდარტი აბსოლუტურად მიუღებელია“, - განაცხადა კობახიძემ.
პრემიერმა აღნიშნა, რომ საქართველოსა და ჩინეთს შორის ურთიერთობის საკითხთან დაკავშირებით, აბსოლუტურად უსამართლო დამოკიდებულება შეინიშნება კონკრეტული პარტნიორი ქვეყნების მხრიდან.
ამასთან, კობახიძემ გამოხატა პატივისცემა აშშ-ის ელჩის მიმართ და იმედი გამოთქვა, რომ იგი პოზიტიურ წვლილს შეიტანს ქართულ-ამერიკული ურთიერთობების გაჯანსაღებაში.
„ურთიერთობების გაჯანსაღებისთვის მნიშვნელოვანი და აუცილებელი პირობაა სამართლიანობა, სამართლიანი შეფასებები. სამწუხაროდ, ხშირად ვისმენთ უსამართლო შეფასებებს იმ ნაბიჯებთან დაკავშირებით, რომლებსაც დგამს ჩვენი სახელმწიფო. ეს ნაბიჯები ემსახურება ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების გატარებას და აქედან გამომდინარე, ბუნებრივია, გავაგრძელებთ შესაბამისი მიმართულებით მომავალშიც მოქმედებას“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
კობახიძის თქმით, ორმაგი სტანდარტი და უსამართლობა კონტრპროდუქტიულია ორი პარტნიორი ქვეყნის ურთიერთობების გაჯანსაღებისთვის.
საქართველოს ხელისუფლებამ გადაწყვიტა განაახლოს ანაკლიის პორტის მშენებლობა იმ პირობით, რომ სახელმწიფო იქნება 51%-ის მფლობელი. ამ ისტორიული პროექტის რეალიზაციაში სახელმწიფოს პარტნიორი კერძო ინვესტორის შესარჩევ კონკურსში გამარჯვებული ჩინურ-სინგაპურული კონსორციუმი (ჩინური კომპანია China Communications Construction Company Limited და სინგაპურის კომპანია China Harbor Investment Pte. Ltd) იქნება.
როგორც ადრე პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის თაობაზე ჩინურ-სინგაპურულ კონსორციუმთან პარტნიორობის შესახებ შეთანხმება შესაბამისი პროცედურების დასრულების შემდეგ გაფორმდება.
ტენდერის შედეგების მიხედვით, ბოლო დრომდე ანაკლიის პორტში კერძო ინვესტორის სტატუსის პრეტენდენტები იყვნენ: შვეიცარიულ-ლუქსემბურგული კომპანია (Terminal Investment Limited Holding S.A. (T.I.L Holding S.A.) და ჩინეთ-სინგაპურის კონსორციუმი (ჩინური კომპანია China Communications Construction Company Limited და სინგაპურის კომპანია China Harbor Investment Pte Ltd). ტექნიკური, კომერციული და ფინანსური წინადადებები მხოლოდ კონსორციუმისგან შემოვიდა.
პარტნიორობის ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ, სახელმწიფოს მიერ 2023 წელს დაარსებული „ანაკლიის საზღვაო ნავსადგური" კერძო პარტნიორთან ერთად შექმნის ერთობლივ კომპანიას, რომელშიც სახელმწიფო წილი 51% იქნება. ერთობლივ კომპანიას მოუწევს პორტის განვითარება.
პროექტის პირველი ეტაპის დასრულების შემდეგ, პრემიერის თქმით, ანაკლიის პორტი წელიწადში 600 ათასი კონტეინერის მიღებას შეძლებს. ეს არის 7,8 მილიონი ტონა ტვირთის გადაზიდვის რესურსი.
ჩინეთი და საქართველო
საქართველომ და ჩინეთმა დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის 9 ივნისს დაამყარეს.
2018 წლიდან ქვეყნებს შორის მოქმედებს შეთანხმება თავისუფალი ვაჭრობის შესახებ, რომელიც ათავისუფლებს ქართული პროდუქციის დაახლოებით 94%-ს ჩინეთში საბაჟო გადასახადისგან.
ჩინეთი საქართველოს ერთ-ერთი მთავარი სავაჭრო პარტნიორია. 2023 წელს საქართველო და ჩინეთი გადავიდნენ სტრატეგიულ პარტნიორობაზე. იმავე წელს საქართველომ ჩინეთის მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი შემოიღო, ხოლო 2024 წლის მაისში ჩინეთმაც საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი დააწესა.