„ხალხის ძალამ“ გაარკვია, რაზე ხარჯავდნენ აშშ მილიარდობით დოლარს საქართველოში

„ხალხის ძალამ“ ილუზია და ქართველი ხალხის დაცინვა უწოდა აშშ-ის მხრიდან მუდმივ აპელირებას 6 მილიარდიან დახმარებაზე
Sputnik
თბილისი, 20 ივნისი – Sputnik. ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან საქართველოსთვის ფინანსური დახმარების უმეტესი ნაწილი მიზნად ისახავდა 2003 წელს მიხეილ სააკაშვილის მიერ დაარსებული პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში მოყვანას არასამთავრობო ორგანიზაციების მეშვეობით, შემდეგ კი მის მუდმივ მხარდაჭერას, ნათქვამია პარტია „ხალხის ძალის“ განცხადებაში.
„ხალხის ძალამ“ ილუზია და ქართველი ხალხის დაცინვა უწოდა აშშ-ის მხრიდან მუდმივ აპელირებას 6 მილიარდიან დახმარებაზე, რომელიც 30 წლის განმავლობაში ქართველ ხალხს მოხმარდა.
„საქართველოში შემოსული ამერიკული დახმარება, რაც ჩვენ დავითვალეთ, არის არა 6, არამედ, დაახლოებით 4 მილიარდი დოლარი 30 წლის განმავლობაში“, - ნათქვამია განცხადებაში.
ახლა აშშ-დან შემოსული დახმარება ძირითადად იხარჯება საქართველოში ამერიკული აგენტურის გაძლიერებაზე, აღნიშნეს პარტიაში.
„დღეს უკვე ეს თანხები ძირითადად ისევ იმ ენჯეოებს ხმარდება, რომლებიც ჩვენი სამშობლოსთვის ძირგამომთხრელ საქმიანობას ეწევიან და რომელთაც ერთადერთ მიზნად „ქართული" აგენტურული ქსელის, არაერთგზის სახე და სახელცვლილი, მაგრამ მარად მონებად და სამშობლოს გამყიდველებად დარჩენილი „ნაცმოძრაობის“ ხელისუფლებაში დაბრუნება განუზრახავთ“, - აღნიშნულია განცხადებაში.
„ხალხის ძალამ“ კიდევ ერთხელ დაჟინებით მოთხოვა აშშ-ს, გამოაქვეყნონ თანხების დეტალური ხარჯთაღრიცხვა, რათა საზოგადოებისთვის ყველაფერი ნათელი გახდეს.
ამასთან „ხალხის ძალამ“ აშშ-ის ელჩი რობინ დანიგანი დაადანაშაულა იმაში, რომ მან „წითელი ხაზები“ გადაკვეთა.
„თუ აქამდე ახალი ელჩი მეტ-ნაკლებად ცდილობდა, პოლიტიკური ლავირება მოეხდინა და არ შეხებოდა ისეთ თემებს, რაც პირდაპირ ურტყამს ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს და დამოუკიდებლობას, ამჯერად ეს წითელი ხაზი მანაც გადაკვეთა“, - ნათქვამია განცხადებაში.
„ხალხის ძალამ“ უკიდურესად შეურაცხმყოფელი უწოდა დანიგანის კრიტიკას ჩინეთთან საქართველოს თანამშრომლობისა და ჩინეთ-სინგაპურის კონსორციუმის კერძო პარტნიორად არჩევის გამო ქალაქ ანაკლიაში ქვეყნის პირველი ღრმაწყლოვანი პორტის პროექტში.
დანიგანის თქმით, კომპანია China Communications Construction Company-ში, რომელიც კონსორციუმის ნაწილია, წილის დიდ ნაწილს ფლობს ჩინეთის კომუნისტური პარტია, რომელიც აფინანსებს რუსულ არმიას აფინანსებს.
„ეს გასაგებიცაა და მოსალოდნელიც იყო, რადგან იმ პირობებში, როცა აშშ-ის მოქმედი ადმინისტრაცია ჩვენს ქვეყანასთან დაკავშირებით არაადეკვატურ, ჩაგვრასა და შეურაცხყოფაზე დაფუძნებული პოლიტიკას აწარმოებს, ელჩ დანიგანს არავინ მისცემდა უფლებას, რომ შედარებით ნეიტრალური პოზიციონირებით თავი აერიდებინა მოქმედ ხელისუფლებასთან ურთიერთობის გამწვავებისთვის“, - ნათქვამია განცხადებაში.
„ხალხის ძალამ“ დასვა კითხვა: რატომ აღრმავებს წლიდან წლამდე აშშ ეკონომიკურ ურთიერთობებს ჩინეთთან, რომელიც მათი თქმით, რუსეთს აფინანსებს. ასევე „ხალხის ძალა“ დაინტერესდა, რატომ აღრმავებს ეკონომიკურ და პოლიტიკურ კონტაქტებს ჩინეთთან ევროკავშირი და ევროკავშირის ცალკეული ქვეყნები.
განცხადების ავტორებმა აღნიშნეს, რომ აშშ-ჩინეთის წლიური სავაჭრო ბრუნვა 575 მილიარდი დოლარია, ხოლო 2017 წლიდან დღემდე აშშ-ს ეკონომიკაში ჩინური ინვესტიციების მოცულობა საშუალოდ წელიწადში 35 მილიარდ აშშ დოლარს აჭარბებს. ევროკავშირის სავაჭრო ბრუნვა ჩინეთთან 860 მილიარდი დოლარია.
„რატომ ფიქრობთ, რომ ჩინეთთან ურთიერთობების გაღრმავება აშშ-ს და ევროკავშირს სიკეთეს მოუტანს, ხოლო ჩვენთვის სახიფათოა? საქმე ისაა, რომ დიდი ხანია თქვენ ჩვენს ქვეყანას უყურებთ როგორც არშემდგარ სახელმწიფოს, ხოლო ქართველ ხალხზე გაქვთ მცდარი წარმოდგენა, თითქოს მას კარგის და ავის გარჩევა არ შეუძლია, მაგრამ საბედნიეროდ ასე არ არის“, - ნათქვამია განცხადებაში.
დეპუტატი: აშშ-ის ელჩმა უფრო სერიოზულად უნდა აღიქვას ქართული საზოგადოება>>
„ხალხის ძალამ“ აღნიშნა, რომ საქართველო თავადვე დაზარალდება, თუ ჩინეთთან ეკონომიკურ კავშირებს გაწყვეტს.
პარტიამ ასევე შეურაცხმყოფელი უწოდა შეერთებული შტატების კრიტიკას საქართველოში მიღებული კანონის „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“, მაშინ როცა აშშ-ში ასეთი კანონი 80 წელია მოქმედებს.
შეერთებულმა შტატებმა და მთლიანად დასავლეთმა არაერთხელ მოუწოდეს საქართველოს ხელისუფლებას არ მიეღო ეს კანონი და მიუთითებდნენ მის შეუსაბამობაზე ევროპულ ღირებულებებთან. საქართველოს ხელისუფლება კი კვლავაც დაჟინებით ამტკიცებს, რომ გამჭვირვალობა „ევროპულობას“ ნიშნავს და არის ქართველი ხალხის ინტერესებში.
„საბედნიეროდ, ქართველმა ხალხმა ეს ტყუილი არ მიიღო და ამგვარი ორმაგი სტანდარტი მიუღებლად და შეურაცხმყოფლად მიიჩნია. ნუ გაგიკვირდებათ და ნუ შეშფოთდებით, თუ ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ სწორედ იმას გავაკეთებთ, რასაც თქვენ აკეთებთ თქვენი ქვეყნის უკეთესი ხვალინდელი დღისთვის“, - ნათქვამია განცხადებაში.
„ხალხის ძალამ“ აღნიშნა, რომ ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ გააძლიეროს საქართველოს სუვერენიტეტი და გააუმჯობესოს ეკონომიკური მდგომარეობა, თუნდაც ეს აშშ-თან „სტრატეგიული პარტნიორობის“ გადახედვად დაუჯდეს, რომელიც მხოლოდ ფურცელზე დაწერილი და ჰაერზე ნათქვამია.
„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღების შემდეგ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა დააწესა სავიზო შეზღუდვის პოლიტიკა იმ პირების და მათი ოჯახის წევრების მიმართ, რომლებიც პასუხისმგებელი ან თანამონაწილეები არიან საქართველოს „დემოკრატიის ძირის გამოთხრაში“.