საქართველოში სქესის შეცვლის ოპერაცია სისხლის სამართლის დანაშაული გახდება

სქესის შეცვლა მედიცინაში მოიცავს ფსიქო-ნევროლოგიურ გამოკვლევას, ჰორმონალურ თერაპიას და უშუალოდ ქირურგიულ ჩარევას.
Sputnik
თბილისი, 19 ივნისი — Sputnik. საქართველოში სქესის შეცვლის ოპერაცია, ისევე როგორც ნებისმიერი სამედიცინო მანიპულაცია, რომელიც დაკავშირებული იქნება ბიოლოგიური სქესის შეცვლასთან, სისხლის სამართლის დანაშაულად ჩაითვლება.
ცვლილებები კონსტიტუციური კანონის ახალი პროექტიდან „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ გამომდინარე 18 კანონპროექტის ნაწილია, რომლის განხილვასაც პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი მიმდინარე კვირაში შეუდგება.
ცვლილებების თანახმად, პირისთვის ბიოლოგიური სქესის შეცვლის მიზნით ქირურგიული ოპერაციის ან სხვა სახის სამედიცინო მანიპულაციების ჩატარება დაექვემდებარება ჯარიმას ან თანამდებობის დაკავების უფლების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევას სამ წლამდე ვადით ან თავისუფლების აღკვეთას ოთხ წლამდე ვადით.
სქესის შეცვლა მედიცინაში მოიცავს ფსიქო-ნევროლოგიურ გამოკვლევას, ჰორმონალურ თერაპიას და უშუალოდ ქირურგიულ ჩარევას.