„შამქორი 2024" საბრძოლო სროლებით დასრულდა

საჩვენებელ სწავლებაში თავდაცვის ძალების გარდა, შინაგან საქმეთა სამინისტროს პირადი შემადგენლობაც იყო ჩართული.
Sputnik
თბილისი, 19 ივნისი — Sputnik. სამეთაურო-საშტაბო სწავლება „შამქორი 2024“-ის ფარგლებში ვაზიანის პოლიგონზე საჩვენებელი სწავლება გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, საველე სწავლებაში თავდაცვის ძალების გარდა, შინაგან საქმეთა სამინისტროს პირადმა შემადგენლობამაც მიიღო მონაწილეობა.
მე-4 ქვეითი ბრიგადის სამხედრო მოსამსახურეებმა საველე სიტუაციური სწავლება საბრძოლო სროლებით მე-5 საარტილერიო ბრიგადის, საბრძოლო საინჟინრო ბატალიონის, ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის სარდლობის ქვედანაყოფების მხარდაჭერით ჩაატარეს.
„საველე სწავლება მიზნად ისახავდა ქვედანაყოფების ერთობლივი, კოორდინირებული და სინქრონული მოქმედებების უნარ-ჩვევების გაუმჯობესებას მხადამჭერ ქვედანაყოფებთან ერთად", - ნათქვამია განცხადებაში.
საჩვენებელ სწავლებას თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილე, გენერალური შტაბის უფროსი, ბრიგადის გენერალი ჯონი ტატუნაშვილი, აღმოსავლეთის სარდალი, ბრიგადის გენერალი როლანდ ძნელაძე და თავდაცვის ძალების სხვა წარმომადგენლები დაესწრნენ.
„შამქორი 2024“-ის სამეთაურო-საშტაბო კომპონენტი კომპიუტერული სისტემების გამოყენებით კრწანისში, ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების (JTEC) ერთობლივი ცენტრის სიმულაციების, კავშირგაბმულობის და ინფორმაციული სისტემების ცენტრში მიმდინარეობდა. მასში თავდაცვის ძალების გარდა, შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრუქტურული ერთეულების პირადი შემადგენლობაც იყო ჩართული.