27 დაკავებულიდან 15 ნარკორეალიზატორია: თბილისსა და რეგიონებში „წმენდა" ჩატარდა

დანაშაულები 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
Sputnik
თბილისი, 19 ივნისი – Sputnik. სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით 27 პირი დააკავეს, მათ შორის 15 ნარკორეალიზატორია, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვის და გასაღების მომზადების, „მარიხუანას" უკანონო შეძენა-შენახვისა და გასაღების, გასაღების მცდელობის, ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა-მოყვანისა და კულტივირების ფაქტებზე ბრალდებულთა დაკავების სპეცოპერაციები ჩატარდა თბილისში, სამეგრელო - ზემო სვანეთში, კახეთში, აჭარაში, იმერეთსა და გურიაში.
დაკავებულთა შორის, რომელთა ასაკიც 20-დან 70 წლამდეა, არიან უცხო ქვეყნის მოქალაქეებიც.
უწყების ცნობით, სამართალდამცველებმა ნარკოტიკების უკანონო გასაღების ბრალდებით დაკავებული პირებისგან მოსამართლის განჩინების საფუძველზე, რამდენჯერმე განახორციელეს ნარკოტიკების საკონტროლო შესყიდვა და აღნიშნული შესყიდვების ფარული აუდიო-ვიდეო ჩაწერა.
სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებული პირების პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას, ასევე, მათ მიერ მითითებული სხვადასხვა ლოკაციიდან ნივთმტკიცებად ამოიღეს სხვადასხვა სახის განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები, მათ შორის: „ჰეროინი“, „კოკაინი“, „ბუპრენორფინი“, „მორფინი“, „თებაინი“, „კოდეინი“, „მეტადონი“, „ალფა პვპ“, „მეფედრონი“, „კლეფედრონი“, „მეტამფეტამინი“, „ლირიკა“ და „მარიხუანა“.
პოლიციამ დაკავებულების მიერ უკანონოდ გაყიდული ნარკოტიკული საშუალებები ნივთმტკიცების სახით ამოიღო, ასევე, ამოღებულია სავარაუდოდ ნარკოტიკების უკანონო რეალიზაციის შედეგად მიღებული ფული და ელექტროსასწორები.
გარდა ამისა, პოლიციამ ბრალდებულებისგან ნივთმტკიცების სახით, სავარაუდოდ, ნარკოტიკების რეალიზაციის შედეგად მიღებული დიდი ოდენობით ფული და ელექსტროსასწორები ამოიღო.
მომხდარ ფაქტებზე გამოძიება სსკ-ის 260-ე, 18-260-ე, 19-260-ე, 261-ე, 262-ე, 265-ე, 273-ე პრიმა და 19-273-ე პრიმა მუხლებით მიმდინარეობს. დანაშაულები 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.