თბილისი, 19 ივნისი — Sputnik. საქართველოში იმ საჯარო შეკრებებისა და მანიფესტაციების გამართვაზე აკრძალვა, რომლებიც მიზნად ისახავს სქესის შეცვლის, ერთსქესიანთა შორის ურთიერთობების და ინცესტის პოპულარიზაციას, „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ" კანონის ძალაში შესვლის შემდეგ ამოქმედდება.
ცვლილებები კონსტიტუციური კანონის ახალი პროექტიდან „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ გამომდინარე 18 კანონპროექტის ნაწილია, რომლის განხილვასაც პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი მიმდინარე კვირას შეუდგება.
ცვლილებების თანახმად, დაუშვებელი იქნება საჯარო შეკრება ან მანიფესტაცია, რომელიც მიმართული იქნება ადამიანის თავისი სქესისგან განსხვავებული სქესისთვის მიკუთვნების, ერთი და იმავე სქესის წარმომადგენლებს შორის ურთიერთობის ან ინცესტის პოპულარიზაციისკენ.
ამასთან, პოლიციას უფლება ექნება მოითხოვოს მსგავს თემატიკაზე აქციის შეწყვეტა და 15 წუთის შემდეგ გაატაროს კანონით გათვალისწინებული ზომები, თუ მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება.