ცაგერი-ლენტეხის ტერიტორიაზე მეწყერი ხუთ ლოკაციაზე ჩამოწვა

მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელს და დაბას არ მიეწოდება ელექტროენერგია.
Sputnik
თბილისი, 18 ივნისი - Sputnik. ქვემო სვანეთში მოსული უხვი ნალექის შედეგად ცაგერი-ლენტეხის ტერიტორიაზე ხუთ ლოკაციაზე მეწყრული პროცესები განვითარდა. ამის შესახებ ინფორმაციას ლენტეხის მუნიციპალიტეტი ავრცელებს.
სტიქიის შედეგად აღნიშნულ პერიმეტრზე რამდენიმე საათის განმავლობაში ყველა სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება შეზღუდული იყო. მერიის ცნობით, ამ დროისთვის გაწმენდილია სტიქიის ზონის ხუთივე ლოკაცია და მაღალი გამავლობის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია.
სტიქიის ადგილზე მობილიზებულია ხუთი ერთეული ტექნიკა და მიმდინარეობს გაწმენდითი და აღდგენითი სამუშაოები.
უწყების ცნობით, ცენტრალურ გზაზე მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზებისა და ბოძების მწყობრიდან გამოსვლის გამო მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელს და დაბას არ მიეწოდება ელექტროენერგია.
ადგილზე მობილიზებულია „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ტექნიკური ჯგუფები და მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები. ელექტროენერგიის მიწოდება მუნიციპალიტეტის მასშტაბით, სავარაუდოდ, დღის ბოლომდე აღდგება.