თბილისი, 17 ივნისი - Sputnik. კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ (GWP) წიწამურთან მდებარე მაგისტრალურ წყალსადენზე დაზიანების მიზეზებს განმარტავს.
გუშინ, სოფელ წიწამურის მიმდებარედ, თბილისის წყალმომარაგების სისტემის ერთ-ერთი ცენტრალური მაგისტრალური წყალსადენი, რომელიც თბილისში, ვაკე-საბურთალოს და გლდანის რაიონების ნაწილს და მცხეთას სასმელი წყლით ამარაგებს, ავარიულად დაზიანდა.
ცენტრალური მაგისტრალური წყალსადენის დაზიანებული მონაკვეთი მდინარე არაგვის ხეობაში მდებარეობს.
როგორც კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, „ჯივიპისგან“ დამოუკიდებლად, მესამე პირების მიერ დროთა განმავლობაში აღნიშნული ტერიტორია ნაყარი მასალით ივსებოდა, რამაც წარმოქმნა დიდი ზომის გეოლოგიურად არასტაბილური მიწის ფერდობი.
„ხელოვნურად ნაყარი მიწის მასა დიდ ფართობზეა გაშლილი, არის მეწყერული და ნებისმიერი მანიპულაციის დროს იწყებს ჩამოშლას. შესაბამისად, რთულდება როგორც ცოცხალი ძალით, ასევე ტექნიკით მუშაობა“, - ნათქვამია განცხადებაში.
კომპანიის განცხადებით, „ჯივიპის“ თანამშრომლები დაზიანების დაფიქსირების მომენტიდან ადგილზე არიან მობილიზებული, გუშინვე მოხდა მილის ტექნიკური დათვალიერება და დიაგნოსტირება.
„დიაგნოსტირების შედეგად დადგინდა, რომ მესამე მხარის მიერ დიდი ოდენობით დაყრილი მასალის ზეწოლამ გამოიწვია „ჯივიპის“ ცენტრალური წყალსადენის რამდენიმე მონაკვეთის დეფორმირება და გადაბმის ადგილების ერთმანეთისგან დაშორება“, - ნათქვამია განცხადებაში.
ურთულესი ტექნიკური დაზიანების აღმოსაფხვრელად აუცილებელია შემოვლითი ქსელის მოწყობა. ალტერნატიული ქსელის მოწყობის მიზნით გუშინვე დაიწყო გეოლოგებთან და შესაბამის ტექნიკურ ჯგუფებთან ერთად საგანგებო გეგმის შემუშავება და მოსამზადებელი სამუშაოების წარმოება.
„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ მოსახლეობას ეტაპობრივად მიაწოდებს ინფორმაციას სამუშაოების მიმდინარეობასთან და წყალმომარაგების აღდგენის ვადებთან დაკავშირებით.