პრემიერი: წელს „ჯარის ბანაკმა" 2 ათასზე მეტი უფროსკლასელი მიიღო

პროექტის მიზანია ახალგაზრდა თაობაში პატრიოტული სულის აღზრდა, ცხოვრების ჯანსაღი წესის პროპაგანდა და ცნობიერების ამაღლება ქართული ჯარის შესახებ
Sputnik
თბილისი, 17 ივნისი — Sputnik. წელს „ჯარის ბანაკის" პროექტში 2,3 ათასი უფროსკლასელი იღებს მონაწილეობას, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საზაფხულო ბანაკის გახსნის ცერემონიაზე.
ირაკლი კობახიძე „ჯარის ბანაკის" გახსნაზე
პროექტმა „ჯარის ბანაკი" სკოლის IX-XI კლასელებისთვის კოჯორში, გიორგი ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა აკადემიაში აიღო სტარტი. სკოლის მოსწავლეებს შეასწავლიან პირველადი სამედიცინო დახმარების აღმოჩენას, ისეთ საგნებს, როგორიცაა ტოპოგრაფია და ნავიგაცია და მრავალი სხვა.
„მიხარია, რომ წლევანდელ წელს უკვე მეორე ნაკადი მოდის და 2,3 ათასი მოსწავლე არის უკვე ჩართული ამ მნიშვნელოვან პროექტში. მადლობას ვუხდი თავდაცვისა და განათლების სამინისტროს და ყველას, ვინც ამ მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებაშია ჩართული, ახალგაზრდებს კი მინდა გისურვოთ წარმატებული და სასიამოვნო დღეების გატარება", განაცხადა კობახიძემ.
მთავრობის მეთაურის თქმით, ახალგაზრდებს ექნებათ შესაძლებლობა ბანაკში აქტიურად და პროდუქტიულად დაისვენონ და მიიღოთ ახალი ცოდნა. როგორც პრემიერმა აღნიშნა, საზაფხულო ბანაკში ყოფნის პერიოდში ახალგაზრდები შეძლებენ სამხედრო საქმეების შესწავლას უშუალოდ სამხედრო ბაზებზე.
"ჯარის ბანაკი" კოჯორში
„ძალზე მნიშვნელოვანია უშუალო შეხება ჯართან. ჯარი არის ჩვენი სიამაყე და ჯარი არის ჩვენი ისტორია", - განაცხადა პრემიერმა და აღნიშნა, რომ სწორედ ჯარია, რამაც დღემდე მოიტანა საქართველოს დამოუკიდებლობა და თვითმყოფადობა.
„ჯარის ბანაკი"
საზაფხულო „ჯარის ბანაკი" თავდაცვის სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციებისა და საზოგადოებასთან ურთიერთობების დეპარტამენტის მიერ ინიცირებული პროექტია. ის წელს პირველად ხორციელდება განათლების სამინისტროსთან ერთად.
"ჯარის ბანაკი" კოჯორში
პროექტის მიზანია ახალგაზრდა თაობაში პატრიოტული სულის აღზრდა, ცხოვრების ჯანსაღი წესის პროპაგანდა და ცნობიერების ამაღლება ქართული ჯარის შესახებ.
გასულ წელს „ჯარის ბანაკში" 800-მა მოსწავლემ მიიღო მონაწილეობა. პროექტი აგვისტოს ბოლოს დასრულდა.