დეპუტატი: ევროპელ ამომრჩეველს მმართველი ელიტების პოლიტიკა არ მოსწონს

ბოჭორიშვილის თქმით, ევროპელ ამომრჩეველს სხვა საკითხები უფრო აღელვებთ, ვიდრე ის საკითხები, რომელზეც ევროპელი პოლიტიკოსების ყურადღების კონცენტრირება ხდება.
Sputnik
თბილისი, 17 ივნისი — Sputnik. ევროპარლამენტის არჩევნების შედეგებმა, რომლითაც უკმაყოფილო არიან ბრიუსელში, აჩვენა, რომ ევროპელ ამომრჩეველს არ მოსწონს მმართველი ელიტების პოლიტიკა, განაცხადა პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილმა.
ევროპარლამენტის არჩევნები 6-9 ივნისის პერიოდში ევროკავშირის 27 ქვეყანაში ჩატარდა. გაიმარჯვა იგივე „ევროპის სახალხო პარტიამ", თუმცა, მემარჯვენე და ულტრამემარჯვენე პარტიებმა გააუმჯობესეს თავიანთი შედეგები ევროკავშირის ძირითად ქვეყნებში, მათ შორის იტალიაში, გერმანიასა და საფრანგეთში. უფრო მეტიც, ბოლო ორ ქვეყანაში მმართველი პარტიები მემარჯვენეებთან დამარცხდნენ.
„ეს შედეგები საყურადღებოა. რასაც ვხედავთ, ბრიუსელშიც დიდად კმაყოფილი არ არიან იმ შედეგებით, რაც ევროპარლამენტის არჩევნებმა აჩვენა - სწორედ ტენდენციებიდან გამომდინარე, რაც ერთგვარად, ევროპის მოქალაქეების მხრიდან გამაფრთხილებელი ხმაა. მათ დიდწილად მმართველი ელიტების პოლიტიკა არ მოსწონთ", - განაცხადა ბოჭორიშვილმა ტელეკომპანია „იმედზე".
მისი თქმით, ევროპელ ამომრჩეველს სხვა საკითხები უფრო აღელვებთ, ვიდრე ის საკითხები, რომელზეც ევროპელი პოლიტიკოსების ყურადღების კონცენტრირება ხდება.
„ერთი შეხედვით, შესაძლოა, დიდი პოლიტიკური ჯგუფების რაოდენობაში ბევრი არაფერი შეიცვალა, ვთქვათ, კვლავ „ევროპის სახალხო პარტია“ იქნება ყველაზე დიდი პოლიტიკური ჯგუფი, თუმცა, მიუხედავად ამისა, საინტერესო ტენდენციები შეიმჩნეოდა ქვეყნების მიხედვით. განსაკუთრებით, რომ შევხედოთ საფრანგეთსა და გერმანიას. ანუ, ნიშანი იყო ის, რომ ხელისუფლებაში მყოფი პარტიების საწინააღმდეგო ხმები იყო უფრო მეტი", - აღნიშნა ბოჭორიშვილმა.
„ევროპის სახალხო პარტიამ", რომელსაც ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი წარმოადგენს, ევროპარლამენტში 720 ადგილიდან 185 მოიპოვა, ცხრა მანდატით მეტი, ვიდრე 2019 წელს.
ევროპარლამენტის არჩევნებში მეორე ადგილი „სოციალისტებისა და დემოკრატების პროგრესულ ალიანსს“ ერგო. მან მიიღო 137 საპარლამენტო მანდატი, ანუ ორით ნაკლები 2019 წელთან შედარებით.
მესამე ადგილზე გავიდა „ პარტია „განაახლე ევროპა“, რომელშიც მაკრონის პარტია „რენესანსი" შედის, მან მხოლოდ 79 ადგილი მოიპოვა.
ევროპარლამენტის არჩევნებში საპრეზიდენტო პარტიის გამანადგურებელი დამარცხების შემდეგ, რომელიც უკან ჩამოიტოვა ულტრამემარჯვენე პარტია „ეროვნულმა გაერთიანებამ" ემანუელ მაკრონმა დაითხოვა პარლამენტი და დანიშნა ახალი არჩევნები.