თბილისი, 16 ივნისი — Sputnik. საქართველოში ასაკობრივ პენსიას 848,9 ათასი ადამიანი იღებს. ასეთია საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს სოციალური მომსახურების სააგენტოს მონაცემები 2024 წლის 1 ივნისისთვის.
პენსიონერების ძირითადი ნაწილი 75 წლამდე ასაკისაა.
საქართველოში 90 წელს ზემოთ 12,1 ათასი პენსიონერი ცხოვრობს, საიდანაც 2,9 ათასი მამაკაცია და 9,2 ათასი - ქალი. ყველაზე მეტი დღეგრძელი პენსიონერი თბილისსა და იმერეთში ცხოვრობს.
პენსიონერების თითქმის მეოთხედი ცხოვრობს თბილისში, მეორე ადგილზეა იმერეთი, ხოლო მესამეზე - სამეგრელო-ქვემო სვანეთი.
ყველაზე ნაკლები პენსიონერი ცხოვრობს გურიაში, მცხეთა-მთიანეთსა და რაჭა-ლეჩხუმი - ზემო სვანეთში.
დღეს საქართველოში ასაკობრივი პენსია ქალებს ეკუთვნით 60 წლიდან, მამაკაცებს - 65 წლიდან. სახელმწიფო პენსიის ოდენობა საქართველოში 2024 წლის 1-ლი იანვრიდან ასაკის მიხედვით 315 ლარი და 415 ლარია.
70 წლამდე ასაკის პენსიონერებისთვის პენსია იზრდება ინფლაციის გათვალისწინებით, ხოლო 70 წელზე უფროსი ასაკის მოქალაქეებისთვის - ინფლაციისა და ეკონომიკური ზრდის 80%-ის მიხედვით.
ამავდროულად, დაგროვებითი საპენსიო სისტემის მონაწილეები მიიღებენ სახელმწიფო პენსიასთან ერთად დამატებით დანაზოგს სიცოცხლის ხანგრძლივობისა და დანაზოგის მთლიანი ოდენობის მიხედვით.