ლეგალური სამუშაო საქართველოს მოქალაქეებისთვის საზღვარგარეთ – მოთხოვნა და შედეგები

საქართველოს მოქალაქეები ძირითადად სეზონურ სამუშაოებზე გერმანიაში მიდიოდნენ
Sputnik
თბილისი, 16 ივნისი – Sputnik. ლეგალური დასაქმების სახელმწიფო პროგრამით უცხოეთში 2024 წლის 1 იანვრიდან 20 მაისამდე პერიოდში 424-მა მოქალაქემ ისარგებლა, ნათქვამია მთავრობის ანგარიშში.
სხვადასხვა ქვეყანაში მოქალაქეების ლეგალურ სამუშაოზე გაგზავნის გადაწყვეტილება საქართველოს მთავრობამ 2021 წელს ქვეყანაში უმუშევრობის მაღალი დონისა და საკმარისი სამუშაო ადგილების შექმნის შესაძლებლობის არარსებობის გამო მიიღო. 2020 წელს საქართველოში უმუშევრობის დონე 18,5%, 2019 წელს კი - 17,6% იყო. 2021 წელს კი უმუშევრობის დონემ 20,6% შეადგინა, რაც 2,1 პროცენტული პუნქტით აღემატებოდა 2020 წლის მაჩვენებელს.
სახელმწიფო პროგრამის ამოქმედების გამოცხადებიდან მალევე, სპეციალურად შექმნილ ვებ-გვერდზე დარეგისტრირდა საზღვარგარეთ სამუშაოდ წასვლის მსურველი საქართველოს 100 ათასი მოქალაქე.
პირველი ქვეყანა, რომელთანაც საქართველოს ხელისუფლებამ შეძლო საქართველოს მოქალაქეების დროებითი ლეგალური სამუშაოთი უზრუნველყოფაზე შეთანხმება, იყო გერმანია. 2023 წელს გერმანიაში საქართველოს 1193 მოქალაქე მუშაობდა, 2024 წლის თითქმის ხუთი თვის განმავლობაში კი - 424 ადამიანი.
დროებით დასაქმება შეუძლია 18-დან 60 წლამდე ასაკის საქართველოს მოქალაქეს, რომელსაც გერმანიაში გამგზავრებამდე 3 თვით ადრე პერიოდში არ უნდა ჰქონდეს შენგენის ქვეყნებში მოგზაურობის ისტორია. ასევე პირი უნდა იყოს ფიზიკურად ჯანმრთელი და ჰქონდეს მოსავლის აღების სამუშაო გამოცდილება და მოტივაცია. ამასთან, არ უნდა ჰქონდეს არანაირი დარღვევა, რაც ქვეყანაში მის შესვლას ხელს შეუშლის. ასევე ის მინიმალურ დონეზე უნდა ფლობდეს გერმანულ ან ინგლისურ ენას.
საუბარია ერთიდან სამ თვემდე პერიოდში სოფლის მეურნეობაში სხვადასხვა სეზონურ სამუშაოზე. სამუშაო პერიოდი კვირაში 5-6 დღეა, დრო კი 8–10 საათი დღეში. მინიმალური ხელფასი ერთ საათში 9,5 ევროა, რომელსაც გამოაკლდება გადასახადების, კვებისა და საცხოვრებლის ხარჯები.
2022 წლის მეორე ნახევრიდან ამოქმედდა ისრაელში დროებითი ლეგალური დასაქმების პროგრამა. იმ დროიდან ამ პროგრამით 20-მა ადამიანმა ისარგებლა.
ისრაელში დასაქმების კრიტერიუმები გაცილებით მკაცრია. დასაქმების მსურველი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ კრიტერიუმებს: უნდა იყოს 25-დან 45 წლამდე ასაკის, საშუალო განათლების, უნდა ჰქონდეს სახელმწიფოს მიერ აღიარებული სახლის პირობებში გასაწევი სამედიცინო დახმარება/მოვლის ტრენინგის გავლის დამადასტურებელი დიპლომი/სერტიფიკატი ან ექთნის/ექთნის თანაშემწის დიპლომი. ამასთან, საკომუნიკაციო დონეზე უნდა ფლობდეს ინგლისურ ან რუსულ ენას.
გარდა ამისა, ისრაელში დროებითი სამუშაოს მისაღებად საქართველოს მოქალაქის მშობლები, მეუღლეები ან შვილები არ უნდა ცხოვრობდნენ ან მუშაობდნენ ისრაელში.
ისრაელში სამუშაოს ხანგრძლივობა არის 6 სამუშაო დღე კვირაში, თვის დარიცხული ხელფასი კვირაში 42-საათიანი სამუშაო გრაფიკით კი 5300 შეკელი, ხოლო 58-საათიანი სამუშაო კვირის შემთხვევაში - 8023 შეკელი
ამ ეტაპზე საქართველო აწარმოებს მოლაპარაკებებს საქართველოს მოქალაქეების ლეგალურ სეზონურ სამუშაოზე დასაქმებაზე საბერძნეთში, ირლანდიაში, ავსტრიაში, პორტუგალიაში, ესპანეთში, ხორვატიაში, სლოვენიაში, კვიპროსსა და უნგრეთში.
უმუშევრობის დონე საქართველოში, 2024 წლის პირველი კვარტლის მიხედვით, 14% იყო.