თბილისი, 15 ივნისი – Sputnik. საქართველოსა და დიდ ბრიტანეთს შორის პირდაპირი ფრენების გახსნის შესაძლებლობა ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ მარიამ ქვრივიშვილმა და საქართველოში დიდი ბრიტანეთის ელჩის მოადგილე კლერ ოლბლესმა განიხილეს, ნათქვამია ეკონომიკის სამინისტროს განცხადებაში.
ევროპასთან პირდაპირი ავიამიმოსვლის გაფართოება და ევროპის ქვეყნებიდან ტურისტების მოზიდვა საქართველოს მთავრობის პრიორიტეტია.
„ჩვენ ოპტიმისტურად ვაფასებთ ბრიტანეთიდან პირდაპირი ავიარეისების დაწყებას. ჩვენთვის ბრიტანეთი მნიშვნელოვანი საავიაციო და ტურისტული ბაზარია. დარწმუნებული ვართ, რომ პირდაპირი ფრენების დაწყება მნიშვნელოვან სტიმულს მისცემს ტურისტული ნაკადების ზრდას საქართველოში. ავიაკომპანიებთან მოლაპარაკების პარალელურად, ჩვენ ვსწავლობთ ბრიტანეთის ბაზარს, რათა განვახორციელოთ აქტიური მარკეტინგული კამპანიები საქართველოს ტურისტული ღირსშესანიშნაობების პოპულარიზების მიზნით,“ - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.
მარიამ ქვრივიშვილის თქმით, საქართველოს საავიაციო სექტორი ზრდადი დინამიკით ხასიათდება, კერძოდ, ყოველწლიურად მატულობს მგზავრთნაკადი, რეკორდულია ქვეყანაში შესრულებული ფრენების რაოდენობა და მიმართულებები, რაც, თავის მხრივ, დადებითად აისახება როგორც ქვეყანაში საერთაშორისო მოგზაურთა სტატისტიკაზე, ისე ტურიზმის სექტორიდან ეკონომიკაში მობილიზებულ შემოსავალზე.
2024 წლის ივნისიდან ოქტომბრის ჩათვლით, საქართველოს მსოფლიოსთან სხვადასხვა მიმართულებით 13,6 ათასი რეისი დააკავშირებს.
ფრენების უმეტესობა საქართველოსა და ევროპის ქვეყნებს შორის განხორციელდება. ზაფხულის სეზონზე ევროპის ქვეყნებში 2480 რეისი განხორციელდება.
მეორე ადგილზეა სპარსეთის ყურის ქვეყნები: საუდის არაბეთი, ბაჰრეინი, კატარი, ომანი, კუვეიტი და არაბეთის გაერთიანებული საამიროები. ამ ქვეყნებს საქართველოსთან 2255 რეისი დააკავშირებს.
მესამე ადგილს რუსეთი იკავებს. ივნისიდან ოქტომბრამდე საქართველოს ამ ქვეყანასთან 1761 რეისი დააკავშირებს.