Georgian Airways-ს ჰყავს თვითმფრინავი, რომელსაც გაუჩერებლად 12-საათიანი ფრენა შეუძლია

ახალი თვითმფრინავი ამერიკული კომპანიებისგან ლიზინგის წესით არის მიღებული.
Sputnik
თბილისი, 15 ივნისი — Sputnik. ქართული ავიაკომპანია Georgian Airways-ის ფლოტს შეემატა პირველი ფართოფიუზელაჟიანი სამგზავრო თვითმფრინავი Boeing 767-300, რომელიც მას ამერიკული კომპანიისგან ლიზინგის წესით გადაეცა, ნათქვამია ავიაკომპანიის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.
ავიახომალდს უწყვეტი 12 საათიანი პირდაპირი რეისის შესაძლებლობა გააჩნია. 250-ადგილიან ბორტზე პირველი კლასის სალონი არის განთავსებული, ყველა სავარძელი, როგორც პირველი და ბიზნეს კლასის, ასევე ეკონომ კლასის სავარძლები აღჭურვილია ინდივიდუალური მართვისა და მულტიმედია სისტემებით.
Georgian Airways-ის Boeing 767-300
Georgian Airways-ის ავიაპარკის დიდი ნაწილი აშშ-ის უმსხვილესი ამერიკული კომპანიებისგან ლიზინგის წესით არის მიღებული.
Boeing 767-300 თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დაათვალიერეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა, მისმა მოადგილე მარიამ ქვრივიშვილმა, „საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ დირექტორმა ირაკლი ქარქაშაძემ, „საქაერონავიგაციის“ ხელმძღვანელმა გოჩა მეზვრიშვილი, კომპანია „TAV Georgia“-ს გენერალურმა მენეჯერმა თეა ზაქარაძემ და „ჯორჯიან ეარლაინსის” გენერალურმა დირექტორმა ირაკლი მეზვრიშვილმა.
Boeing 767-300-ის სალონი
„ქართული საავიაციო სექტორი ძალიან ინტენსიურად ვითარდება, განსაკუთრებით შთამბეჭდავი პანდემიის შემდგომი აღდგენა გვაქვს. უკვე წელს საქართველოს აეროპორტებიდან მგზავრთნაკადის მაჩვენებელი, შარშანდელთან შედარებით, 31%-ით მეტს შეადგენს, რაც 2,5 მლნ მგზავრზე მეტია. ასევე ზრდა გვაქვს პანდემიამდელ მაჩვენებელთან შედარებით“, - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.
მისი თქმით, იმისთვის, რომ მგზავრთნაკადის ზრდა ეკონომიკისთვის მაქსიმალურად სასარგებლო იყოს, მნიშვნელოვანია პირდაპირი კავშირები სხვადასხვა ეკონომიკურ ცენტრებთან - ევროპის დედაქალაქებთან, სამხრეთ აზიის ქალაქებთან და ა.შ. და ამაში დიდ როლს ქართული ავიაკომპანიები ასრულებენ.
ლევან დავითაშვილი, თამაზ გაიაშვილი
მიმდინარე წლის ზაფხულის აქტიურ სანავიგაციო სეზონზე 13.600 ავიარეისის შესრულებაა დაგეგმილი. ივნისი-ოქტომბრის პერიოდში საქართველოდან ყველაზე მეტი - 2480 რეისი ევროპის მიმართულებით შესრულდება, რაც საქართველოდან და საქართველოს მიმართულებით დაგეგმილი ფრენების საერთო რაოდენობის 18%-ს შეადგენს.
იზრდება ფრენის სიხშირე გალფის ქვეყნების თანამშრომლობის საბჭოს ქვეყნებთანაც (საუდის არაბეთი, ბაჰრეინი, არაბთა გაერთიანებული საემიროები, ქუვეითი, ომანი და კატარი). 2024 წლის ივნის-ოქტომბერში, საქართველოსა და გალფის ქვეყნებს შორის დაგეგმილია 2255 რეისის შესრულება, რაც ფრენების საერთო რაოდენობის 17%-ია.