თბილისი, 14 ივნისი — Sputnik. საქართველოს პარლამენტმა დაჩქარებული წესით მესამე მოსმენით მიიღო „ტურიზმის შესახებ" კანონში ცვლილებები, რომლის მიხედვითაც ქვეყანაში ჩამოსული ტურისტების ჯანმრთელობისა და სიცოცხლის სავალდებულო დაზღვევის მოთხოვნა 2026 წლის 1 იანვრამდე შეჩერდება.
გასულ წელს „ტურიზმის შესახებ“ განახლებული კანონის თანახმად, სიახლე ძალაში 1-ელ ივნისს ამოქმედდა. როგორც მმართველ პარტიაში განმარტეს, გამოიკვეთა მთელი რიგი საკითხები, რომელიც ახალი რეგულაციების დანერგვის და ამოქმედებისთვის მრავალსაფეხურიან მოსამზადებელ პროცესს საჭიროებს, რის გამოც დღის წესრიგში დამატებითი ვადის შემოტანა გახდა საჭირო.
ცვლილებები ძალაში მას შემდეგ შევა, რაც მას პრეზიდენტი მოაწერს ხელს და „საკანონმდებლო მაცნეს" ვებგვერდზე გამოქვეყნდება.
ანალიტიკოსები 2024 წელს საქართველოში ტურისტების რეკორდულ რაოდენობას ელოდებიან. ამ პროგნოზის საფუძველი პირველი კვარტლის მაჩვენებლები გახდა. საერთაშორისო მოგზაურების ვიზიტების რაოდენობა საქართველოში იანვარ-მარტში გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 7,6%-ით გაიზარდა და 1,3 მილიონი შეადგინა.
აქამდე ყველაზე მაღალი მაჩვენებლები 2019 წელს დაფიქსირდა - საერთაშორისო მოგზაურთა ვიზიტების რაოდენობამ მიაღწია 9,4 მილიონს, საიდანაც 4,8 მილიონი იყო ტურისტული ვიზიტი.