ქართველი ფეხბურთელები პირველ მატჩს 18 ივნისს თურქეთის ნაკრებთან გამართავენ.
A ჯგუფი
14 ივნისს გახსნის მატჩს, ტრადიციულად, ჩემპიონატის მასპინძელი გერმანია გამართავს, მისი მეტოქე შოტლანდიის ნაკრები იქნება. თამაში მიუნხენში, „ალიანც არენაზე“ 23:00 საათზე დაიწყება.
ამ ჯგუფში მეორე მატჩი 15 ივნისს 17:00 საათზე გაიმართება - უნგრეთის ნაკრები შვეიცარიის ნაკრებს დაუპირისპირდება.
B ჯგუფი
ასევე 15 ივნისს ასპარეზობას B ჯგუფის მონაწილეები დაიწყებენ.
20:00 საათზე ესპანეთი - ხორვატია.
23:00 საათზე იტალია - ალბანეთი.
C ჯგუფი
C ჯგუფის მატჩები 16 ივნისს გაიმართება.
20:00 საათზე სლოვენია - დანია.
23:00 საათზე სერბეთი - ინგლისი.
D ჯგუფი
ამ ჯგუფში მატჩები ორ სათამაშო დღედ დაიყოფა.
16 ივნისს, 17:00 საათზე, პოლონეთის ნაკრები ნიდერლანდების ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდება.
17 ივნისს კი, 23:00 საათზე, ავსტრიის ნაკრები ძალებს ტურნირის მთავარ ფავორიტთან - საფრანგეთის ნაკრებთან მოსინჯავს.
E ჯგუფი
17 ივნისს კიდევ ორი თამაში გაიმართება.
17:00 საათზე რუმინეთი - უკრაინა.
20:00 საათზე ბელგია - სლოვაკეთი.
F ჯგუფი
პირველი ტურის ბოლო სათამაშო დღეს დახურავენ F ჯგუფის მატჩები, სადაც ჩემპიონატზე თავის ასპარეზობას დაიწყებს საქართველოს ნაკრები, რომლის მეტოქე საკმაოდ ძლიერი თურქეთი იქნება.
20:00 საათზე დორტმუნდში, „სიგნალ იდუნა პარკის“ ცნობილ სტადიონზე, რომელიც 81 ათას ადამიანს იტევს, ნამდვილი საფეხბურთო „ბრძოლა“ გაჩაღდება. როგორც საქართველოს, ისე თურქეთის ნაკრებები ევრო-2024-ის პირველი მატჩის მოსაგებად ყველაფერს გააკეთებენ.
თურქები ამ შეხვედრის ფავორიტები არიან, მათ არსენალში მეტი გამოცდილება და მეტი ვარსკვლავი მოთამაშე ჰყავთ. მაგრამ ისიც გასათვალისწინებელია, რომ ქართველები ახლა შესანიშნავ სათამაშო ფორმაში და ემოციურ მდგომარეობაში არიან, გუნდმა, ევრო 2024-ის ჯგუფურ ეტაპზე გასვლით, ნამდვილი გმირობა ჩაიდინა.
ვილი სანიოლის გუნდმა ტურნირამდე ჩაატარა ერთი ამხანაგური მატჩი, რომელშიც ანგარიშით 3:1 მშვიდად მოუგო მონტენეგროს. გუნდის ყველა ლიდერი ჯანმრთელადაა და მზადაა ყველაფერი გაიღოს, რათა ღირსეულად წარმოაჩინოს თავისი ქვეყანა. რა თქმა უნდა, გუნდის მთავარი ვარსკვლავები და ფრონტმენები ხვიჩა კვარაცხელია და გიორგი მამარდაშვილი იქნებიან.
ევრო 2024-ზე საქართველოს ნაკრების შანსებზე საუბრისას უნდა აღინიშნოს პლეი-ოფის ორი თამაში - ლუქსემბურგთან და საბერძნეთთან. სწორედ ამ მატჩებში გამოჩნდა ერთიანი, შეკრული და ორგანიზებული გუნდი. შეცდომები, რა თქმა უნდა, იყო, განსაკუთრებით დაცვაში, მაგრამ მთლიანობაში ქართველები კონკურენტუნარიანად გამოიყურებოდნენ და მკაფიოდ იაზრებდნენ სამწვრთნელო შტაბის მოთხოვნებს.
EURO-ზე წარმატებული გამოსვლისთვის დიდი პლუსი შეიძლება იყოს ტურნირის ახალი რეგლამენტი, ახლა ჯგუფიდან გასვლა შესაძლებელია მე-3 ადგილიდანაც კი (6-დან საუკეთესო შედეგის მქონე 4 მესამეადგილოსანი გუნდი პლეი ოფში გავა).
რაც შეეხება მეტოქეებს, აქაც არის დადებითი ასპექტები. მაგალითად, ჯგუფის ფავორიტთან (პორტუგალიასთან) მატჩი ფინალურ ტურში გაიმართება და შესაძლოა პორტუგალიელები არც ისე მოტივირებული იქნებიან და ძირითად მოთამაშეებს დასვენების საშუალებას მისცემენ.
მთავარი ბრძოლა ჯგუფიდან გასვლაზე საქართველოს თურქებთან და ჩეხებთან თამაშებში ელის, საქართველოს ორივე გუნდთან ბრძოლა და გამარჯვება შეუძლია, ბევრი რამ იქნება დამოკიდებული იღბალზე, მაგრამ როცა გუნდი ყველაფერს აკეთებს შედეგის მისაღწევად, მაშინ ფეხბურთის ღმერთი მას სწყალობს. ჩვენ გვჯერა საქართველოსი! და როდის არ გვჯეროდა?!
მეორე თამაშში 23:00 საათზე საქართველოს ნაკრების მეტოქეები ჯგუფში ერთმანეთს შეხვდებიან (პორტუგალია - ჩეხეთი). მატჩი ლაიფციგში, „რედ ბულ არენაზე“ გაიმართება.
გიორგი კეკელია