თბილისი, 13 ივნისი — Sputnik. სკოლებში CAT-ის პრინციპით (ადაპტირებული ტესტირება კომპიუტერზე) გამოსაშვები გამოცდების გაუქმებას ნეგატიური შედეგები მოჰყვა, ამიტომაც განათლების სამინისტრო 2025-2026 წლებისთვის გეგმავს სკოლებში გამოცდების დაბრუნებას და შემდეგ ერთიანი ეროვნული გამოცდების მისით ჩანაცვლებას, განაცხადა განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა გიორგი ამილახვარმა პარლამენტში „მინისტრის საათის" ფრმატში სიტყვით გამოსვლისას.
სკოლებში საგამოცდო სისტემა 2019 წელს გაუქმდა. მას შემდეგ მოსწავლეები აბარებენ მხოლოდ უმაღლეს სასწავლებელში მისაღებ გამოცდებს - ერთიან ეროვნულ გამოცდებს, სადაც სამ სავალდებულო საგანს და უნივერსიტეტის არჩევით ერთ დამატებით საგანს აბარებენ.
„ეს იქნება გამოცდა საგნობრივი ჯგუფების მიხედვით დაწყებითის, საბაზოს და მე-12 კლასის ბოლოს განახლებული ტესტებისა და სკოლის სტანდარტების შესაბამისად. იგი შეიძლება თითქმის იდენტური იყოს ეროვნული გამოცდის. გვინდა საპილოტე პროექტი 2025, 2026 წლებში ჩავუშვათ და თუ დავინახავთ, რომ ეს საპილოტე პროექტი წარმატებულია, უკვე შეგვიძლია ვისაუბროთ ეროვნულ გამოცდების ცვლილებებზე“, - განაცხადა ამილახვარმა.
მინისტრის თქმით, სკოლამ ფორმალური ხასიათი მიიღო, განსაკუთრებით მაღალ კლასებში, როდესაც მთელი აქცენტი მოსწავლეების რეპეტიტორებთან მომზადებაზე კეთდება.
„რა თქმა უნდა, რეპეტიტორების ინსტიტუციასთან არაფერი საწინააღმდეგო არ მაქვს, ეს აპრობირებული პრაქტიკაც არის. იცლება სკოლები და მოსწავლეები გადადიან რეპეტიტორებთან მაშინ, როდესაც ცოდნის მიღებაც და შეფასებაც უნდა ხდებოდეს თავად სასკოლო სივრცეში", - აღნიშნა მინისტრმა.
გარდა ამისა, ამილახვარის თქმით, სკოლის მოსწავლეების ცოდნის შემოწმება აუცილებელია სასწავლო პროცესის სწორად დაგეგმვისთვის.
როგორც ამილახვარმა განმარტა, სამინისტროს ამოცანა არაა, რომ ბავშვები გამოცდების ჩაბარების მუდმივ რეჟიმში იყვნენ - თავიდან სკოლებში და შემდეგ ეროვნულ გამოცდებზე. ამიტომაც ცვლილებების შეტანა მას შემდეგ დაიწყება, რაც საპილოტე პროექტი გაამართლებს.
„ეს არის დიდი რეფორმა და ამ პროცესზე ვმუშაობთ... ამიტომაც, რამდენიმე წელი ეროვნული გამოცდები უნდა გავაგრძელოთ იმ სტილით, როგორიც არის და არაფერი ამას არ ემუქრება, საზოგადოება რომ ინფორმირებული იყოს. პარალელურად ვმუშაობთ სასკოლო შეფასებაზე, რომლის პილოტსაც დავიწყებთ", - განაცხადა მინისტრმა..
მისი თქმით, საპილოტე რეჟიმში გამოცდების ჩაბარება ნებაყოფლობითი იქნება და სკოლის მოსწავლეებს არავინ აიძულებს.
„ეს სავალდებულო არ იქნება და არავის ნერვიულობა არ მოუწევს. როდესაც დავრწმუნდებით, როგორც სკოლა, მოსწავლე და ასევე მასწავლებელი მზად არიან ამ პროცესისთვის, თქვენთან ერთად ვიფიქროთ როგორ შეიძლება ერთი მეორით ჩანაცვლდეს", - განაცხადა ამილახვარმა.
იმისთვის, რომ სტუდენტი გახდეს, აბიტურიენტი ვალდებულია ჩააბაროს სამი სავალდებულო გამოცდა – ქართული ენა და ლიტერატურა, უცხო ენა და ერთი არჩევითი საგანი – ლიტერატურა, მათემატიკა, ისტორია, გეოგრაფია, ქიმია, ფიზიკა, ბიოლოგია, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება ან სამოქალაქო განათლება. 2020 წლიდან გაუქმებულ „ზოგადი უნარების“ საგანს აბიტურიენტები ჩააბარებენ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამას ესა თუ ის უნივერსიტეტი მოითხოვს.
ერთიანი ეროვნული გამოცდები 3 ივლისს დაიწყება და 26 ივლისს დასრულდება. ეროვნული გამოცდებისათვის რეგისტრაცია 47 ათასზე მეტმა აბიტურიენტმა გაიარა.
2024 წელს საგამოცდო ცენტრი გაიხსნება თბილისში, ბათუმში, ზუგდიდში, ქუთაისში, ფოთში, ახალციხეში, გორში, ოზურგეთში, რუსთავში, თელავში, ხულოსა და ამბროლაურში.