თბილისი, 13 ივნისი — Sputnik. იმერეთში სწრაფი კვების ფესტივალი „გემო ფესტი“ გაიმართება, რომელსაც ქუთაისი 15 და 16 ივნისს უმასპინძლებს, ნათქვამია ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის გვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაში.
„გემო ფესტი“ გასტროტურიზმის პოპულარიზაციის მიზნით ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის პროექტია. ღონისძიების მიზანია რეგიონებში ადგილობრივი კერძების პოპულარიზაცია, ახალი გემოების აღმოჩენა, ასევე ახალი სერვისების შექმნა და განვითარება გასტრონომიული მიმართულებით.
„გემო ფესტი“ ქუთაისის ვერიკო ანჯაფარიძის სახელობის სკვერში ჩატარდება. ფესტივალის ლოკაციაზე მოეწყობა კვების სივრცე, გრილის ზონა, სამეწარმეო და ღვინის მარკეტი, მოსასვენებელი სივრცე და ფოტოზონები. გაიმართება სხვადასხვა სახის შემეცნებითი და გასართობი აქტივობები ბავშვებისთვის. მთელი დღის განმავლობაში კი დაუკრავს DJ და ორივე საღამო დასრულდება კონცერტით.
ფესტივალში იმერეთიდან 18 მეწარმე და მზარეული მიიღებს მონაწილეობას - ქუთაისელებსა და ქალაქის სტუმრებს საშუალება ექნებათ დააგემოვნონ როგორც ტრადიციული, ისე იშვიათი და ნაკლებად ცნობილი იმერული კერძები.
ფესტივალს კონცერტი დაასრულებს. ქუთაისში სწრაფი კვების ფესტივალი გასული წლის ივნისშიც გაიმართა.