პრეზიდენტმა „საარჩევნო კოდექსში“ ცვლილებებს ვეტო დაადო

Sputnik
თბილისი, 13 ივნისი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტის მიერ „საარჩევნო კოდექსში" მიღებულ ცვლილებებს ვეტო დაადო, რომელიც ცენტრალური საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილების მიღებას ამარტივებს.
ცვლილებები ითვალისწინებს ე.წ. ანტიჩიხური მექანიზმის შექმნას იმ შემთხვევის მოსაწესრიგებლად, როდესაც ცესკოს სხდომაზე კენჭისყრის შედეგად ვერ იქნა მიღებული ცესკოს ის გადაწყვეტილება, რომლის მისაღებად საჭიროა ცესკოს სრული შემადგენლობის არანაკლებ 2/3-ის მხარდაჭერა. იმავე სხდომაზე ჩატარდება მეორე კენჭისყრა და ამ შემთხვევაში გადაწყვეტილების მისაღებად ხმების 1/2 იქნება საკმარისი.
„ცვლილებით უქმდება ცესკოში გადაწყვეტილებების მისაღებად პარტიებს შორის კონსენსუსის საჭიროება და მმართველ პარტიას უჩნდება შესაძლებლობა, პრაქტიკულად, ერთპარტიულად მიიღოს გადაწყვეტილებები“, – ნათქვამია პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციაში.
საუბარია ცენტრალური საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილებებზე, რომლებიც ეხება ქვედა რგოლის საარჩევნო კომისიების მიერ მიღებული გადაწყვეტილებების გაუქმებას, მათ შორის, საარჩევნო ოლქის/უბნის შედეგებს, საუბნო საარჩევნო კომისიიდან შემოსული პაკეტების გახსნას და ბიულეტენების გადათვლას.
კანონპროექტის ავტორებმა განმარტეს, რომ შემოღებული ცვლილებები ხელს შეუწყობს ცესკოს ეფექტურ ფუნქციონირებას და მის მუშაობაში დაბრკოლებების აღკვეთას.
პრეზიდენტის ვეტოს პარლამენტი განიხილავს, რის შემდეგაც კენჭისყრა გაიმართება. თუ პარლამენტის უმრავლესობა ზურაბიშვილის არგუმენტებს არაობიექტურად მიიჩნევს, იგი ვეტოს დაძლევას შეძლებს. თუ პრეზიდენტი ამჯერადაც უარს იტყვის კანონპროექტის ხელმოწერაზე, ამის გაკეთება პარლამენტის თავმჯდომარეს შეუძლია.
საპარლამენტო არჩევნები საქართველოში 26 ოქტომბერს გაიმართება.