ბათუმი ინვესტირებისთვის ევროპის 10 საუკეთესო მიმართულებას შორის დასახელდა

გზამკვლევში ბათუმი მონაკოს, ნიცას, პარიზის, მილანისა და სხვა ევროპული პოპულარული ქალაქების გვერდით არის წარმოდგენილი.
Sputnik
თბილისი, 13 ივნისი – Sputnik. ევროპაში პრესტიჟულმა სამოგზაურო პლატფორმა European Best Destinations 2024-მა ინვესტირებისთვის ევროპის 10 საუკეთესო მიმართულებას შორის ბათუმი დაასახელა.
ორგანიზაციის გზამკვლევში ბათუმი მონაკოს, ნიცას, პარიზის, მილანისა და სხვა ევროპული პოპულარული ქალაქების გვერდით არის წარმოდგენილი.
European Best Destinations-მა 2024 წლის საინვესტიციო მიმართულებები ისეთი კრიტერიუმების გათვალისწინებთ დაასახელა, როგორებიცაა საგადასახადო შეღავათები, კვადრატულ მეტრის ღირებულება, მზიანი დღეები რაოდენობა; უნივერსიტეტთან, აეროპორტებთან და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურასთან სიახლოვე, მწვანე ფართების რაოდენობა კვადრატულ მეტრზე, სამეწარმეო თავისუფლებისა და ბედნიერების ინდექსები.
„აჭარის რეგიონი ინვესტორების მოსაზიდად მრავალ საგადასახადო შეღავათს გთავაზობთ. კერძოდ, ის უზრუნველყოფს ინვესტორების უფლებას, დაიბრუნონ შემოსავალი გადასახადების დაფარვის შემდგომ, რაც უზრუნველყოფს ბიზნესის კეთების სრულ თავისუფლებას. ამას ემატება ძალიან დაბალი საგადასახადო განაკვეთი, ბიზნესის რეგისტრაცია ერთ დღეში და ინვესტიციის მაღალი ანაზღაურება (10-13% უძრავი ქონების და ტურისტული ინდუსტრიის ინვესტიციებისთვის),“ - ნათქვამია სტატიაში.
ბათუმის ბიზნეს-გარემოზე საუბრისას სამოგზაურო პორტალი უძრავი ქონების ფასებს, კომპანიების დაბეგვრის სისტემასა და ქონების გადასახადებს ეხება.
„ბათუმში ბიზნესის დაწყება ისეთივე მარტივია, როგორც კარის გაღება... უძრავი ქონების ფასი ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველია ევროპაში, 1000 ევრო კვადრატულ მეტრზე, ცენტრალურ უბანში, ცხოვრების ღირებულებისა და ევროპაში დანაშაულის ძალიან დაბალ მაჩვენებელთან ერთად (ბათუმში 25%, რაც ორჯერ ნაკლებია ვიდრე ლონდონის 63%). ფიზიკური პირებისთვის ან კომპანიებისთვის არსებობს მარტივი კანონი, ქონების გადასახადზე კომპანიების დაბეგვრა ხდება 1%-იანი განაკვეთით, ხოლო ხშირ შემთხვევაში ქონების გადასახადი შეადგენს საბაზრო ღირებულების 0,05-დან 0,2%-მდე", - აღნიშნულია მასალაში.
European Best Destinations ევროპის წამყვანი დამოუკიდებელი ორგანიზაციაა, რომელიც ევროპაში კულტურისა და ტურიზმის ხელშეწყობა-პოპულარიზაციის მიზნით შეიქმნა. ორგანიზაციის რეიტინგებში ბათუმი არაერთხელ მოხვედრილა.