რა დახმარებას უწევს თბილისი კიევს? კობახიძის განმარტება

როგორც კობახიძემ აღნიშნა, საქართველომ არაერთხელ დაადასტურა უკრაინისადმი ურყევი მხარდაჭერა როგორც საერთაშორისო ასპარეზზე, ისე ჰუმანიტარული დახმარების აღმოჩენაში.
Sputnik
თბილისი, 11 ივნისი — Sputnik. საქართველო, არსებული რესურსების ფარგლებში, დაეხმარება უკრაინას ქვეყნის აღდგენაში, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ბერლინში გამართულ კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას.
ის, რომ საქართველო უკრაინას პოლიტიკურად უჭერს მხარს და ჰუმანიტარულ დახმარებას უწევს, არაერთხელ განაცხადეს ქვეყნის პირველმა პირებმა.
„ჩვენ, არსებული რესურსების ფარგლებში, გავაგრძელებთ უკრაინის აღდგენის მხარდაჭერას“, - განაცხადა კობახიძემ.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, საქართველომ არაერთხელ დაადასტურა უკრაინისადმი ურყევი მხარდაჭერა როგორც საერთაშორისო ასპარეზზე, ისე ჰუმანიტარული დახმარების აღმოჩენაში.
„საქართველომ მთლიანობაში მხარი დაუჭირა 600-ზე მეტ ერთობლივ განცხადებას და რეზოლუციას უკრაინის მხარდასაჭერად“, - აღნიშნა პრემიერმა.
მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს თავად არ დაუწესებია სანქციები რუსეთის წინააღმდეგ, იგი იცავს ყველა საერთაშორისო სანქციას და ამოწმებს ტვირთს, რომელიც ექვემდებარება შეზღუდვებს.
„ყველა შესაბამისი სამთავრობო უწყება მკაცრად აკონტროლებს სანქციებს დაქვემდებარებულ პირებს ან ტვირთს. ამასთან, საქართველოს მთავრობა მჭიდრო კოორდინაციას ინარჩუნებს ევროკავშირთან, დიდ ბრიტანეთთან, შეერთებულ შტატებთან და სხვა სახელმწიფოებთან, რომლებიც აკონტროლებენ სანქციების განხორციელებას“, - განაცხადა კობახიძემ.
დღეის მონაცემებით, საქართველომ უკრაინაში გაგზავნა 1 ათასზე მეტი ტონა ჰუმანიტარული ტვირთი, ხოლო საქართველოს მთავრობის მიერ გამოყოფილი დახმარება 35 მილიონ ლარს აღემატება. საქართველო დღესაც უწევს დახმარებას ომით დაზარალებულ 26 ათასამდე უკრაინელს, რომლებიც ამჟამად ცხოვრობენ საქართველოში.
„საქართველოს განათლების სისტემამ მიიღო 2,3 ათასზე მეტი უკრაინელი მოსწავლე, რომელთა უმრავლესობა ეუფლება საშუალო განათლებას უკრაინულ ენაზე, სტანდარტული უკრაინული სასწავლო პროგრამის შესაბამისად", - განაცხადა კობახიძემ.
გარდა ამისა, ვაცნობიერებთ რა, რომ ბავშვები წარმოადგენენ ერთ-ერთ ყველაზე დაუცველ ჯგუფს ომის გამანადგურებელი შედეგების პირობებში, ზაფხულში ჩვენი ახალგაზრდული ბანაკები უმასპინძლებენ უკრაინელ ბავშვებს.
ზაფხულში კიევიდან და ხარკოვიდან უკრაინელი სამხედროების შვილები საქართველოში ბავშვთა ბანაკებში დასვენებას შეძლებენ.
„ეს ბავშვები დაისვენებენ ჩვენს რეგიონებში, მეურვეების თანხლებით უსაფრთხო და მეგობრულ გარემოში“, - განაცხადა კობახიძემ.
საქართველოს ხელისუფლებამ უარი თქვა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შემოღებაზე და განაცხადა, რომ ამით მხოლოდ საქართველო დაზარალდებოდა. ამავდროულად, საქართველო ასრულებს საერთაშორისო სანქციებს და უკრაინას პოლიტიკურ და ჰუმანიტარულ მხარდაჭერას უწევს.
2023 წელს ოპოზიცია მრავალი თვის განმავლობაში ადანაშაულებდა ხელისუფლებას, თითქოს ის რუსეთს სანქციების გვერდის ავლაში ეხმარებოდა, თუმცა ევროკავშირის, აშშ-სა და დიდი ბრიტანეთის კოორდინატორებმა სანქციების საკითხებში 2023 წლის ივნისში საქართველოში ვიზიტის შემდეგ დადებითად შეაფასეს ქვეყნის ხელისუფლების მიერ გაწეული სამუშაო.