თბილისი, 11 ივნისი — Sputnik. მიუხედავად კონფიგურაციისა, რომელიც შეიქმნება ევროპარლამენტში, ევროპულმა საზოგადოებამ უკვე გამოაცხადა თავისი არჩევანის შესახებ და უარი თქვა ომსა და სხვა ქვეყნის პოლიტიკურ პროცესებში ჩარევაზე, განაცხადა დეპუტატმა, პარტია „ხალხის ძალის“ წევრმა გურამ მაჭარაშვილმა.
ევროპარლამენტის არჩევნები 6-9 ივნისის პერიოდში ევროკავშირის 27 ქვეყანაში ჩატარდა. გაიმარჯვა იგივე „ევროპის სახალხო პარტიამ", თუმცა, მემარჯვენე და ულტრამემარჯვენე პარტიებმა გააუმჯობესეს თავიანთი შედეგები ევროკავშირის ძირითად ქვეყნებში, მათ შორის იტალიაში, გერმანიასა და საფრანგეთში. უფრო მეტიც, ბოლო ორ ქვეყანაში მმართველი პარტიები მემარჯვენეებთან დამარცხდნენ.
„ევროპულმა საზოგადოებამ 10 ივნისს სულ სხვა ევროპაში გაიღვიძა. მან უარი უთხრა ფსევდოლიბერალიზმს და აირჩია სისტემა, სადაც გადაწყვეტილებები ეროვნული ინტერესებიდან და არა სხვა ქვეყნის ან თუნდაც გაერთიანების ინტერესებიდან გამომდინარეობს. დამოუკიდებლად იმისა, როგორი იქნება ევროპარლამენტში კონფიგურაცია, ევროპულმა საზოგადოებამ საკუთარი განაცხადი უკვე გააკეთა", - განაცხადა მაჭარაშვილმა.
პოლიტიკოსის თქმით, ევროპის ხალხებმა თავიანთ მთავრობებს მოუწოდეს, იზრუნონ საკუთარ სახელმწიფოებზე.
„ევროპის ხალხებმა გადაწყვიტეს, რომ ეროვნული სახელმწიფოების ლიდერებმა პირველ რიგში საკუთარი ქვეყნის ინტერესები უნდა დააყენონ და არა სხვა ქვეყნის ინტერესები ან თუნდაც რომელიმე გაერთიანება. აი, ამიტომაც მათ უარი თქვეს და აირჩიეს მშვიდობა", - აღნიშნა მაჭარაშვილმა.
„ევროპის სახალხო პარტიამ", რომელსაც ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი წარმოადგენს, ევროპარლამენტში 720 ადგილიდან 185 მოიპოვა, ცხრა მანდატით მეტი, ვიდრე 2019 წელს.
ევროპარლამენტის არჩევნებში მეორე ადგილი „სოციალისტებისა და დემოკრატების პროგრესულ ალიანსს“ ერგო. მან მიიღო 137 საპარლამენტო მანდატი, ანუ ორით ნაკლები 2019 წელთან შედარებით.
მესამე ადგილზე გავიდა „ პარტია „განაახლე ევროპა“, რომელშიც მაკრონის პარტია „რენესანსი" შედის, მხოლოდ 79 ადგილი მოიპოვა.
ევროპარლამენტის არჩევნებში საპრეზიდენტო პარტიის გამანადგურებელი დამარცხების შემდეგ, რომელიც უკან ჩამოიტოვა ულტრამემარჯვენე პარტია „ეროვნულმა გაერთიანებამ" ემანუელ მაკრონმა დაითხოვა პარლამენტი და დანიშნა ახალი არჩევნები.