„საქმე კარმაშია" - თალაკვაძე „ნაცმოძრაობის" თავმჯდომარის გადადგომაზე

მათ არ აქვთ რაიმე სერიოზული პროგრამა, რომლითაც შეეძლებათ მოქალაქეებს რაღაც ახალი შესთავაზონ, განაცხადა ვიცე-სპიკერმა
Sputnik
თბილისი, 10 ივნისი — Sputnik. დროდადრო კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობა“ „ქართული ოცნების“ მთავრობის გადადგომას ითხოვს და ეს ყველაფერი საკუთარი თავმჯდომარის გადადგომით მთავრდება, რაც პარტიის კარმის ბრალია, განაცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ.
„ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილმა პოსტი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო დატოვა. საკუთარი გადაწყვეტილება პოლიტიკოსმა 8 ივნისს გამართულ ბრიფინგზე გააჟღერა და განაცხადა, რომ პარტიის თავმჯდომარის პოსტზე მას თინა ბოკუჩავა შეცვლის.
„ნაციონალური მოძრაობა“ უკვე მერამდენედ ითხოვს „ქართული ოცნების“ ხელისუფლების გადადგომას და ამ ყველაფერს თავისივე თავმჯდომარის გადაყენებით ასრულებს. როგორც სჩანს, ეს მათი კარმაა. ის, რასაც ისინი სხვებს უსურვებენ, ბოლოს და ბოლოს, საკუთარ პარტიაში ბრუნდება, - განაცხადა თალაკვაძემ.
მმართველი პარტიის ლიდერები ოპოზიციურ პარტია „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ და მის თანამოაზრეებს „კოლექტიურ ნაცმოძრაობას“ და „რადიკალურ ოპოზიციას“ უწოდებენ, რომელთაც სურთ ქვეყანაში სიტუაციის არევა, რევოლუციის მოწყობა და ქვეყნის ომში ჩათრევა.
ვიცე-სპიკერის თქმით, ოპოზიციური პარტიები რეალური დღის წესრიგით უნდა დაკავდნენ, რომელიც დაფუძნებული იქნება არა დესტრუქციულ ქმედებებზე, არამედ კონკრეტულ პროგრამებსა და ქმედებებზე.
„კვირიდან კვირამდე ისინი ეძებენ მხარდაჭერას ქვეყნის გარეთ, ეძებენ თემებს სხვა ადამიანების განცხადებებში, ლიდერებიც კი არ ჰყავთ საზოგადოებისთვის გასაცნობად, მით უმეტეს, არ აქვთ რაიმე სერიოზული პროგრამა, რომლითაც შეეძლებათ მოქალაქეებს რაღაც ახალი შესთავაზონ“, - განაცხადა თალაკვაძემ.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი, საქართველოს პარლამენტის წევრი ლევან ხაბეიშვილი 30 აპრილს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის წინააღმდეგ გამართულ საპროტესტო აქციაზე დაშავდა. შსს-ს ინფორმაციით, მან სამართალდამცველებისთვის ხელისშეშლის მიზნით პოლიციის კორდონი გაარღვია. ხაბეიშვილს ცხვირის ძვლების მოტეხილობა, თვალის დაზიანება და ტვინის შერყევა აღენიშნებოდა. მას ოპერაცია დასჭირდა.
ლევან ხაბეიშვილი „ნაციონალურ მოძრაობას“ 2023 წლის 6 თებერვლიდან უძღვებოდა. წლის ბოლოსთვის პარტია დატოვა რამდენიმე წევრმა, ვინც არ ეთანხმებოდა პარტიის პოლიტიკას და ხაბეიშვილის ქმედებებს, მათ შორის პარტიის ყოფილმა თავმჯდომარემ ნიკა მელიამ. მარტში მელიამ, ნიკა გვარამიასთან ერთად, შექმნა პარტია „ახალი“, რომელშიც მელიასთან ერთად „ნაციონალური მოძრაობიდან“ წასული სხვა პოლიტიკოსებიც შევიდნენ.
ამჟამად მთელი პროდასავლური ოპოზიცია საარჩევნოდ გაერთიანებულ კოალიციაზე მოლაპარაკებებს აწარმოებს, რომელშიც, წინასწარი ინფორმაციით, შევლენ როგორც „ნაციონალური მოძრაობა“, ასევე „ახალი“.
საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 26 ოქტომბერს გაიმართება.