საქართველოში ევროპარლამენტის არჩევნები შეაფასეს

ევროპარლამენტის არჩევნები 6-9 ივნისის პერიოდში ევროკავშირის 27 ქვეყანაში ჩატარდა.
Sputnik
თბილისი, 10 ივნისი — Sputnik. ევროპარლამენტის არჩევნებში ულტრამემარჯვენეების გამარჯვება კიდევ უფრო გაამძაფრებს შიდასაპარლამენტო პოლიტიკურ ბრძოლას, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ დეპუტატმა ირაკლი ქადაგიშვილიმ.
ევროპარლამენტის არჩევნების წინასწარი შედეგების მიხედვით, ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენის მემარჯვენე-ცენტრისტულმა „ევროპის სახალხო პარტიამ“ (EPP) ევროპარლამენტში უმრავლესობა მოიპოვა. ამასთან, ევროკავშირის ბევრ ქვეყანაში, მათ შორის გერმანიაში, საფრანგეთსა და ავსტრიაში მმართველმა პარტიებმა სრული მარცხი განიცადეს.
„უკიდურესი მემარჯვენეები, უკიდურესი მემარცხენეები მოდიან უფრო დიდი დოზით ევროპარლამენტში. ეს კიდევ უფრო გაამძაფრებს შიდა საპარლამენტო პოლიტიკურ ბრძოლას, - განაცხადა ქადაგიშვილმა.
მისი თქმით, ევროპარლამენტის შიდა ცხოვრება უფრო მრავალფეროვანი გახდება, იქნება მეტი პოლემიკა, დაპირისპირება და პოზიციების შეჯახება.
„ალბათ, უფრო მეტად მოგვეცემა იმის საშუალება, რომ ამ ბრძოლის დროს მოვძებნოთ ისეთი ელემენტები, ისეთი პოლიტიკური ჯგუფები, რომლებიც უფრო რეალურად შეაფასებენ საქართველოში მიმდინარე ვითარებას და ევროპარლამენტში პოლიტიკური ცხოვრება არ იქნება ერთ პოლიტიკურ ნარატივს დაქვემდებარებული", - განაცადა დეპუტატმა.
ევროპაში ცვლილებების მასშტაბი მოსალოდნელზე უფრო დიდი აღმოჩნდა, დაწერა სოციალურ ქსელში საზოგადოებრივი მოძრაობა „საქართველო უპირველეს ყოვლისა“ დამფუძნებელმა ვატო შაქარიშვილმა.
„ევროპარლამენტის განახლებული და უფრო მემარჯვენე შემადგენლობა ნიშნავს, რომ ევროკავშირის ბიუროკრატიაში ძალიან ბევრი საკადრო ცვლილება იქნება!.. სიცოცხლის ნიშნებს იძლევა", - დაწერა შაქარიშვილმა.
ევროპარლამენტის არჩევნები 6-9 ივნისის პერიოდში ევროკავშირის 27 ქვეყანაში ჩატარდა. წინასწარი მონაცემებით, ამომრჩევლის აქტივობამ 51% შეადგინა.
როგორც ევროკომისიის მოქმედმა პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, იგი დარწმუნებულია რომ აღნიშნულ თანამდებობას ახალი ვადით კვლავ დაიკავებს.