თბილისი, 9 ივნისი - Sputnik. პარლამენტის ბიუროს ე.წ. ლგბტ-პროპაგანდის წინააღმდეგ მომზადებული საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი 10 ივნისს წარედგინება.
მმართველმა პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიულმა საქართველომ“ წარადგინა სხვადასხვა კანონში ცვლილებების პაკეტი, რომელიც შეეხება როგორც ერთსქესიანთა ქორწინებისა და სქესის შეცვლის აკრძალვას, ისე ლგბტ-პროპაგანდასა და გეი-პარადებს. საპარლამენტო უმრავლესობა გეგმავს ცვლილებები პირველი მოსმენით საგაზაფხულო სესიის დასრულებამდე მიიღოს, შემოდგომაზე კი - მეორე და მესამე მოსმენით.
კონსტიტუციაში ინიცირებული ცვლილებების თანახმად, ქვეყნის მთავარი კანონის 30-ე მუხლს ემატება მესამე პუნქტი: „ოჯახური ღირებულებები და არასრულწლოვანთა დაცვა უზრუნველყოფილია საქართველოს საკონსტიტუციო კანონით, რომელიც საქართველოს კონსტიტუციის განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს“. თავად კანონს დაერქმევა „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“.
უმრავლესობის განმარტებით, კანონპროექტის ინიცირების მიზანი ქალისა და მამაკაცის კავშირზე დაფუძნებული ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის მექანიზმების გაძლიერებაა.
რა იცვლება კონკრეტულად
საკანონმდებლო პაკეტი 19-კანონპროექტისგან შედგება, საიდანაც ერთი ძირითადი კანონია და 18 გამომდინარე კანონი. ცვლილებები შევა სამოქალაქო კოდექსში, შრომის კოდექსში, განათლების შესახებ კანონმდებლობაში და ა.შ.
ცვლილებების თანახმად, იკრძალება ერთსქესიანთა ქორწინება და სქესის შეცვლა, ჰეტეროსექსუალი ადამიანების მიერ შვილად აყვანა, ლგბტ-პროპაგანდა და პოპულარიზაცია საგანმანათლებლო დაწესებულებებსა და მედიაში, ლგბტ-პოპულარიზაციის მიზნით მანიფესტაციების ჩატარება. კერძოდ:
- დაუშვებელი ხდება ქორწინების ალტერნატიული კავშირის ან ოჯახის შექმნის მიზნით ისეთი კავშირის რეგისტრირება ან სამართლებრივი აქტით აღიარება, რომელიც საქართველოს კანონმდებლობით ქორწინებისთვის დადგენილ პირობას ეწინააღმდეგება.
- დაუშვებელი ხდება იმ ადამიანთა შორის სექსუალური ორიენტაციის ნიშნით გამოხატული ურთიერთობის რეგისტრირება ან სამართლებრივი აქტით აღიარება, რომელთაგან ერთი მაინც თავს თავისი ბიოლოგიური სქესისგან განსხვავებულ სქესს მიაკუთვნებს.
- დაუშვებელი იქნება იმ ადამიანის მიერ არასრულწლოვანის შვილად აყვანა, რომელიც თავს თავისი ბიოლოგიური სქესისგან განსხვავებულ სქესს მიაკუთვნებს ან მისი სექსუალური ორიენტაცია ჰეტეროსექსუალობის კატეგორიას არ განეკუთვნება.
- ადამიანის თავისი ბიოლოგიურის სქესისგან განსხვავებული სქესისთვის მიკუთვნების მიზნით ქირურგიული ოპერაციის სხვისთვის ჩატარება დაუშვებელი ხდება.
- პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტში ან სახელმწიფოს მიერ გაცემულ სხვა დოკუმენტში ადამიანის თავისი ბიოლოგიური სქესისგან განსხვავებული სქესის მითითება დაუშვებელია.
- დაუშვებელია ბაღებში, სკოლებში, პროფესიულ ან უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ერთი და იმავე ბიოლოგიური სქესის წარმომადგენლებს შორის სექსუალური ორიენტაციის ნიშნით გამოხატული ურთიერთობის ან ინცესტის პოპულარიზაცია.
- აკრძალვა მაუწყებლებსაც შეეხებათ. კერძოდ, კანონპროექტის თანახმად, დაუშვებელი იქნება მაუწყებლის ეთერით ისეთი ინფორმაციის გავრცელება, რომელიც მიმართულია ერთი და იმავე ბიოლოგიური სქესის წარმომადგენლებს შორის სექსუალური ორიენტაციის ნიშნით გამოხატული ურთიერთობის ან ინცესტის პოპულარიზაციისკენ.
- ასევე დაუშვებელი იქნება არასრულწლოვანისთვის მასთან პირდაპირი კომუნიკაციის გზით ერთი და იმავე ბიოლოგიური სქესის წარმომადგენლებს შორის სექსუალური ორიენტაციის ნიშნით გამოხატული ურთიერთობის ან ინცესტის პოპულარიზაცია.
- დაუშვებელი იქნება ისეთი რეკლამის გავრცელებაც, რომელიც მიმართულია ერთი და იმავე ბიოლოგიური სქესის წარმომადგენლებს შორის სექსუალური ორიენტაციის ნიშნით გამოხატული ურთიერთობის ან ინცესტის პოპულარიზაციისკენ.
- აკრძალვა შეკრება-მანიფესტაციის ჩატარებასაც შეეხება. დაუშვებელი იქნება საჯაროდ ისეთი შეკრება ან მანიფესტაციის ჩატარება, რომელიც მიმართულია ერთი და იმავე ბიოლოგიური სქესის წარმომადგენლებს შორის სექსუალური ორიენტაციის ნიშნით გამოხატული ურთიერთობის ან ინცესტის პოპულარიზაციისკენ.
საკანონმდებლო პაკეტი ყველა ზემოთაღნიშნული მოთხოვნის დარღვევაზე ადმინისტრაციული და სისხლისამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრებას ითვალისწინებს.
კონსტიტუციაში შესატანი ცვლილებების საყოველთაო განხილვა, რომელიც როგორც თბილისში, ისე საქართველოს რეგიონებში გაიმართა, 2024 წლის 22 აპრილს დაიწყო და ერთი თვე გაგრძელდა.
საქართველოში იკრძალება დისკრიმინაცია ნებისმიერი ნიშნით. ასევე მიღებულია სპეციალური კანონი „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“, რომელიც კრძალავს დისკრიმინაციის როგორც პირდაპირ, ისე ირიბ ფორმებს, შევიწროებას ან ნებისმიერი ნიშნით უფლებების დარღვევას.