კაცს, რომელმაც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მეუღლე მოკლა, 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

შემთხვევა გასული წლის ნოემბერში, დაბა ურეკში მოხდა.
Sputnik
თბილისი, 8 ივნისი - Sputnik. ოზურგეთის რაიონულმა სასამართლომ მეუღლის მკვლელობაში ბრალდებულს 18 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.
შემთხვევა 2023 წლის 17 ნოემბერს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ურეკში მოხდა. გამოძიების მიხედვით, სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ალკოჰოლური თრობის ქვეშ მყოფმა ბრალდებულმა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მეუღლე მოკლა.
სამართალდამცველებმა ბრალდებული იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სსკ-ის 11 პრიმა, 109-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა, ჩადენილი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ოჯახის წევრის მიმართ) წარედგინა.
უწყების ცნობით, პროკურატურა მსგავსი კატეგორიის საქმეებზე უმკაცრეს სისხლის სამართლის პოლიტიკას ახორციელებს, რასაც მომავალშიც გააგრძელებს.