თბილისი, 7 ივნისი — Sputnik ავტორიტეტული სტატისტიკური პორტალის, Opta-ს სუპერკომპიუტერმა ევრო-2024-ის მონაწილეთა შანსები ტურნირის მოგებაზე გამოთვალა - საქართველო საჩემპიონო რბოლის აუტსაიდერია.
ხელოვნური ინტელექტის გათვლებით, საქართველოს ნაკრების გამარჯვების შანსები 0,1%-ს შეადგენს. ჩემპიონატის მთავარ ფავორიტად დასახელდა ინგლისის ნაკრები – 19,9 პროცენტი, ბევრით არ ჩამორჩება ინგლისს საფრანგეთის ნაკრები – 19,1%.
„საქართველოს ჩემპიონობაზე ყველაზე დაბალი მაჩვენებელი აქვს – 0,1 პროცენტი. მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ვილი სანიოლის გუნდს არ შეუძლია, ფურორი მოახდინოს: საქართველოს უფრო მეტი შანსი აქვს, გავიდეს ჯგუფიდან, ვიდრე ალბანეთის ნაკრებს – 37,2 პროცენტი (22,4%-თან შედარებით)“, - წერს Opta.
ავტორებმა ასევე გაამახვილეს ყურადღება „ნაპოლის“ ვარსკვლავის, ხვიჩა კვარაცხელიას საქართველოს ნაკრების რიგებში ყოფნაზე, რაც ჯგუფიდან გასვლის შანსებზე დადებითად აისახება.
გამარჯვების პრეტენდენტებად ასევე ითვლებიან ტურნირის მასპინძელი ქვეყანა გერმანია (12,4%), ესპანეთი (9,6%) და ჯგუფში საქართველოს ნაკრების მეტოქე პორტუგალია (9,2%)
დანარჩენ გუნდებს სუპერკომპიუტერმა ჩემპიონატის მოგების მწირი შანსები დაუტოვა. რაც შეეხება F ჯგუფში საქართველოს ნაკრების სხვა მეტოქეებს, თურქეთს 1,5% აქვს, ჩეხეთს კი 0,7%.
ბოლო გუნდი-დებიუტანტი ევროზე, რომელიც ჯგუფიდან გავიდა, 2016 წელს ისლანდია იყო.
ამასთან, 10 ათასი სიმულაციის ჩატარების შემდეგ 24 გუნდიდან თითოეულმა ერთხელ მაინც შეძლო ევრო 2024-ის მოგება, წერს Opta.
ევროპის საკვალიფიკაციო ერთა ლიგის პლეი-ოფის ფინალში საბერძნეთის ნაკრებთან პენალტების სერიაში გამარჯვების წყალობით (4:2) საქართველოს ნაკრები ისტორიაში პირველად ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატზე ითამაშებს.
საქართველოს ნაკრები F ჯგუფში პორტუგალიის, თურქეთის და ჩეხეთის გუნდებთან ერთად მოხვდა. საქართველოს ნაკრები პირველ მატჩს თურქეთის წინააღმდეგ 18 ივნისს გამართავს.