რატომ დააწესა ამერიკამ სანქციები - რეალური მიზეზი თეა წულუკიანისგან

მრავალი თვის განმავლობაში გრძელდება ბრძოლა მთავარი მიზნის მისაღწევად და ეს მიზანია - ხელისუფლებისა და ხალხის დაშორება, განაცხადა ვიცე-პრემიერმა
Sputnik
თბილისი, 7 ივნისი – Sputnik. საქართველოს პარლამენტის დეპუტატებისთვის, მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ წევრებისთვის, სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლებისთვის და ცალკეული კერძო პირებისთვის სავიზო შეზღუდვის დაწესება მიზნად ისახავს ხელისუფლებასა და ხალხს შორის უფსკრულის შექმნას, რაც საბოლოოდ დატოვებს ხალხს იმ საფრთხეების წინაშე, რომელთა არიდებასაც ცდილობს დღევანდელი ხელისუფლება, განაცხადა ვიცე-პრემიერმა თეა წულუკიანმა.
სავიზო შეზღუდვები შეეხო მათ, ვინც პასუხისმგებელია დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრაზე საქართველოში, მათ თანამზრახველებსა და ახლო ნათესავებს, სულ ორ-სამ ათეულ ადამიანს, განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსამსახურის ხელმძღვანელმა მეთიუ მილერმა. მისი თქმით, აშშ შეშფოთებულია „ქართული ოცნების“ ანტიდემოკრატიული ქმედებებითა და რიტორიკით, რაც საფრთხეს უქმნის საქართველოს ევროპულ მომავალს.
„ჩემი აზრით, დღევანდელი სანქციები მიზნად ისახავს იმას, რომ შექმნან და გააღრმაონ უფსკრული ხელისუფლებასა და ხალხს შორის... როდესაც ეს მოხდება, ასეთი ხელისუფლება მარტივი წასაქცევია და შემდეგ რა მოხდება?“ - განაცხადა თეა წულუკიანმა.
ხალხი დარჩება პირისპირ იმ საფრთხეებთან ფარის გარეშე, რომელი საფრთხეების არიდებასაც საქართველოს ხელისუფლება „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით ცდილობს და დღემდე წარმატებასაც აღწევს, რადგან საფრთხე არ რეალიზდა, აღნიშნა წულუკიანმა.
მისი თქმით, მრავალი თვის განმავლობაში გრძელდება ბრძოლა მთავარი მიზნის მისაღწევად და ეს მიზანია - ხელისუფლებისა და ხალხის დაშორება.
„თითქოს, ჩვენ ვართ ფენომენები, რომლებსაც არც დასავლეთი გვესმის, არც არაფერი ვიცით, ვართ მიუღებლები. ჩვენ უნდა დაგვაშორონ ჩვენივე ერს. რატომ? იმიტომ, რომ ჩვენ დღეს ვთამაშობთ ფარის ფუნქციას და ეს ფარი უნდა დაეცეს“, - განაცხადა თეა წულუკიანმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში.
ამასთან ვიცე-პრემიერმა აღნიშნა, რომ რა თქმა უნდა ამჟამინდელი ხელისუფლება იდეალური როდია.
„არც ერთი ხელისუფლება არ არის იდეალური, მაგრამ ვინც არ უნდა ამბობდეს ამას, სამარცხვინოა იმის თქმა, რომ ეს ხელისუფლება არის ბევრად უარესი, ვიდრე წინა. ფაქტების ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს. ვინც გვისმენს, იმან კარგად იცის, რატომ არის სამარცხვინო“, - განაცხადა თეა წულუკიანმა.
დასავლეთის გაფრთხილებების და ოპოზიციის არასამთავრობო ორგანიზაციების პროტესტის მიუხედავად, პარლამენტმა მიიღო კანონი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“. ის უკვე ძალაში შევიდა.
სკანდალური კანონპროექტი
„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი უცხოეთიდან დაფინანსებულ არასამთავრობო ორგანიზაციებს და მედიას სპეციალურ რეესტრში დარეგისტრირებას და ყოველწლიური დეკლარაციის შევსებას იმ შემთხვევაში ავალდებულებს, თუ მათი წლიური შემოსავლის 20% უცხოეთიდან მიღებული დაფინანსებაა.
„ქართულმა ოცნებამ" 2023 წლის მარტში საპროტესტო აქციების ფონზე გაწვეული სკანდალური კანონპროექტის ხელახალი ინიცირების არგუმენტად მოიყვანა ის, რომ გამჭვირვალობის შესახებ დაპირების მიუხედავად, უცხოელმა დონორებმა გაზარდეს საქართველოში რადიკალური ჯგუფებისა და პარტიების ფარული დაფინანსება.
წამყვანი ოპოზიციური პარტიები და ცნობილი არასამთავრობო ორგანიზაციები ამტკიცებენ, რომ კანონი ერთ სიბრტყეზე აყენებს საქართველოს მეგობრებსა და მტრებს, „ენჯეოებს“ იარლიყებს აწებებს და აფერხებს ქვეყნის ევროინტეგრაციას. თბილისში 15 აპრილიდან საპროტესტო აქციები იმართება.
კანონის მიღებაზე უარისკენ ხელისუფლებას მოუწოდა ევროკავშირმა, ევროპულმა საბჭომ, გაერომ, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა და საქართველოს ზოგიერთი პარტნიორის, დასავლური ქვეყნის ლიდერებმა. საქართველოს ხელისუფლებაში აღნიშნავენ, რომ დასავლეთის კრიტიკა გაუგებარია, რადგან უცხოური დაფინანსების გამჭვირვალობის შესახებ კანონები აქვთ აშშ-ს, ისრაელსა და ავსტრალიას და ასეთი კანონპროექტები განხილვის სტადიაშია ევროკავშირსა და საფრანგეთში.
28 მაისს, მას შემდეგ რაც პარლამენტმა დაძლია პრეზიდენტის ვეტო კანონპროექტზე, ევროკავშირმა და შეერთებულმა შტატებმა განაცხადეს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ამ კანონით ქვეყანა ევროატლანტიკურ ინტეგრაციას დააშორა.
ევროკავშირმა უკვე დაიწყო იმ სათანადო ზომების განხილვა, რომლებსაც ივნისში კანონის ამოქმედების შემთხვევაში მიიღებს. აშშ-ის განცხადებით, სახელმწიფო დეპარტამენტი დააწესებს სავიზო შეზღუდვის პოლიტიკას იმ პირების და მათი ოჯახის წევრების მიმართ, რომლებიც პასუხისმგებელი ან თანამონაწილეები არიან საქართველოს „დემოკრატიის ძირის გამოთხრაში“.