თბილისი, 6 ივნისი – Sputnik. 600 ეკომიგრანტი ოჯახი, რომელიც გაუსაძლის პირობებში ცხოვრობდა, ბათუმში „ოცნების ქალაქში“ ახალ ბინებს მიიღებს, განაცხადა პრემიერ-მინისტრმ ირაკლი კობახიძემ ახალი ბინების გადაცემის ცერემონიაზე.
„ოცნების ქალაქი" ბათუმის გარეუბანში, ყოფილი სამხედრო ბაზის ტერიტორიაზე, 2012 წელს გაჩნდა. იქ მეწყერის შედეგად დაზარალებული მაღალმთიანი აჭარის მოსახლეობა ცხოვრობს.
„600 ოჯახი, რომელსაც რთულ ვითარებასა და პირობებში უწევდა ცხოვრება, დღეს უკვე მიიღებს 600 ახალ ბინას. მინდა მოგილოცოთ ეს ძალიან მნიშვნელოვანი სიახლე, მათ შორის არის 800 ბავშვი, ამას ცალკე მინდა ხაზი გავუსვა. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენთვის. მე ვიტყოდი, რომ დღევანდელი დღე არის კიდევ ერთი იმის გამოხატულება, თუ როგორია ხელისუფლების დამოკიდებულება საკუთარი მოქალაქეების, ხალხის, ადამიანების მიმართ“, - განაცხადა კობახიძემ.
პრემიერის თქმით, ზრუნვა მოქალაქეებზე მთავრობის მთავარი პასუხისმგებლობაა და ეს პროექტი ამით არ სრულდება, დაგეგმილია კიდევ 1000-ზე მეტი ეკომიგრანტი ოჯახის დაკმაყოფილება ბინებით.
ბინების გადაცემის ცერემონიაზე შეკრებილებს მიმართა აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ და აღნიშნა, რომ 5 ივნისიდან ათასზე მეტი ადამიანი, მათ შორის 800 ბავშვი, ცხოვრებას ღირსეულ პირობებში გააგრძელებს.
მისივე თქმით, დაიწყება პროექტის მეორე ეტაპის განხორციელებაც, რომელიც მოიცავს მთელი ტერიტორიის დაგეგმვას, გამართულ ქალაქგეგმარებას, საგანმანათლებლო, საცხოვრებელი და რეკრეაციული სივრცეების შექმნას.
„ჩვენ გავაგრძელებთ შემდგომ მშენებლობას ისე, რომ აქაურობა ნამდვილად გახდეს ახდენილი ოცნების ქალაქი. დაგეგმილია ყველა საჭირო ინფრასტრუქტურის მშენებლობა, გექნებათ სკოლა, საბავშვო ბაღი, სარეკრეაციო სივრცეები, რომ ყველამ ღირსეულად იცხოვროთ, ღირსეულად იცხოვრონ ჩვენმა მოხუცებმა, ბავშვებმა და ზრდასრულებმა“, - განაცხადა რიჟვაძემ.
„ოცნების ქალაქის“ ტერიტორიაზე ადამიანები უმძიმეს პირობებში წლების განმავლობაში ცხოვრობდნენ. 2019 წლის თებერვალში გადაწყდა ამ ადგილზე საცხოვრებელი კომპლექსის აშენება და მოსახლეობის ღირსეული საცხოვრებელი პირობებით უზრუნველყოფა.
საცხოვრებელი კომპლექსის მასშტაბური სოციალური პროექტი აჭარის ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ღირებულება 38,7 მლნ ლარს შეადგენს.